პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია „Yandex.Go“-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის“, - აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, რუსეთის „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს“ [იგივე „ეფესბე-ს“] მალე მუდმივი და სრული წვდომა ექნება რუსული კომპანია „იანდექსის“ ბაზებზე. ეს მათ შორის ეხება საქართველოდან დარეგისტრირებულ მომხმარებლებსაც.

საუბარია ისეთ მონაცემზე, როგორიცაა ადამიანის სახელი და გვარი, მისი საბანკო ინფორმაცია, ლოკაცია, „ლაიქები“, წვდომა სატელეფონო კონტაქტებზე და მრავალი სხვა. ამ ინფორმაციას, მათ შორის, საქართველოს მომხმარებლებიდან „იანდექსი“ ამჟამადაც აგროვებს და ამუშავებს, თუმცა ოფიციალურად ამ მონაცემებზე „ეფესბეს“ აქამდე არ ჰქონდა წვდომა.