“ბრიტანულ ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე დავაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი პარტნიორთა მხრიდან ერთმანეთის გარიცხვის მოთხოვნაა, რაც მათ სასამართლოს წინაშე დააყენეს. მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას მიერ თავდაპირველად წამოჭრილ ამ შეუსაბამო მოთხოვნას, ბუნებრივია, ინვესტორმა (70%) შესაგებელი სარჩელით უპასუხა და ანალოგიური მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. როგორც ცნობილია, დავას, ამ ეტაპზე, პირველი ინსტანციის სასამართლო იხილავს, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რისი იმედი ჰქონდა ნათია ჯანაშიას, როცა ეს ნაბიჯი გადადგა“, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც “ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებული დავის მიმდინარეობას აქტიურად აკვირდება და მასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
მისი თქმით, ნათია ჯანაშიამ ამ მოთხოვნით საკუთარ თავს დაუგო ხაფანგი, საიდანაც გამოსვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენლად ძნელი იქნება. „მე არ ვიცი, რა გათვლა ჰქონდა მინორიტარ აქციონერს, როცა სასამართლოს ინვესტორის გარიცხვის მოთხოვნით მიმართა, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ წარმატების იმედი მას ახლა უკვე დაკარგული უნდა ჰქონდეს და გარიცხვის მოლოდინში თავადაა.
ფაქტობრივი გარემოებები იმაზე მეტყველებს, რომ სასამართლო პარტნიორობიდან სწორედ ნათია ჯანაშიას გარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებს და ამას, პირველ რიგში, კომპანიის ინტერესების დაცვისა და ნორმალური ფუნქციობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად გააკეთებს. ეს იქნება ლოგიკური და სამართლიანი შედეგი იმისა, რაც ამ დავაში ნათია ჯანაშიამ საკუთარი ტაქტიკური შეცდომებითა და კომპანიისთვის საზიანო ქმედებებით თავადვე უზრუნველყო”, - მიაჩნია ცუცქირიძეს.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ინვესტორის გარიცხვის მოთხოვნის წამოჭრით ნათია ჯანაშიამ გახსნა ისეთი ფორმატი, სადაც სასამართლოს წინაშე, პირველ რიგში, სწორედ საკუთარი ქმედებების სრული რევიზია დააყენა დღის წესრიგში.
ანალიტიკოსი მიმოიხილავს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც, ზოგადად, სასამართლო აკმაყოფილებს პარტნიორობიდან გარიცხვის მოთხოვნას. ეს მიზეზებია:

  • პარტნიორებს შორის თანამშრომლობისა და ნდობის არარსებობა;
  • კომპანიის ინტერესების საზიანო მოქმედება, ანუ თუ პარტნიორი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს ან ისე იქცევა, რაც პირდაპირ აზარალებს ბიზნესს (კომპანიის კუთვნილი თანხების ან აქტივების არამიზნობრივი ხარჯვა/გაფლანგვა.
  • კომპანიის კომერციული საიდუმლოების ან კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა;
  • რეპუტაციული ზიანის მიყენება, რაც საფრთხეს უქმნის ბიზნესის არსებობას;
  • ჩამოყალიბებული ინტერესთა კონფლიქტი, პარალელური ბიზნესის წამოწყების მცდელობა;
  • ვალდებულებების შეუსრულებლობა;
  • მართვის პროცესის ბლოკირება (როდესაც კომპანიაში პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იქამდე მიდის, რომ გადაწყვეტილებების მიღება (მაგალითად, ხმის მიცემისას) შეუძლებელი ხდება) და სხვ.

ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დავაში სახეზეა ფაქტობრივად, ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც, როგორც სასამართლო პრაქტიკა მოწმობს, პარტნიორის დამფუძნებლობიდან გარიცხვა გარდაუვალი მოცემულობა ხდება.
„დოკუმენტირებულად არის დაფიქსირებული ნათია ჯანაშიას მხრიდან, კომპანიის საზიანოდ, როგორც მენეჯერის და შემდგომ როგორც პარტნიორის მხრიდან ქმედების უმძიმესი ფაქტები. მათ შორის, კომპანიის კუთვნილი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვისა და გაფლანგვის, ნაკისრი ვალდებულებების არშესრულების, კომპანიის საწარმოო და იურიდიული ფუნქციობისთვის გამიზნული ხელის შეშლის, მართვის პროცესისთვის არაერთგზის ხელის შეშლის მცდელობის, იდენტური ბიზნესის წამოწყების და ასევე, კომპანიისთვის პერმანენტული რეპუტაციული ზიანის მიყენების ფაქტები.
ეს კი საკმარისზე მეტიც არის, რომ სასამართლომ ნათია ჯანაშიას „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორობიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღოს.
ბუნებრივია, ეს უკვე კარგად ესმის თავად ნათია ჯანაშიას და სწორედ ამიტომ არის ის კომპანიიდან გარიცხვის მოლოდინში“, - მიაჩნია ცუცქირიძეს.
ანალიტიკოსი მოვლენათა შესაძლო განვითარების იმ ასპექტსაც განიხილავს, თუ რა და როგორ მოხდება სასამართლოს მიერ მინორიტარი პარტნიორის გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების კვალდაკვალ.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტის (სავარაუდოდ, ეს იქნება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) მიერ შეფასდება ნათია ჯანაშიას კუთვნილი წილის (30%) საბაზრო ღირებულება და ინვესტორის მიერ მისი გადახდის კვალდაკვალ, ნათია ჯანაშია დაფიქსირდება როგორც კომპანიიდან გარიცხული და აღნიშნული ცვლილება აისახება სამეწარმეო რეესტრში.