„პარაგრაფ თბილისის“ გახსნა მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.
სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება თავდაპირველი 101 მლნ დოლარი იყო, თუმცა შემდეგ 142 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
როგორც „კომერსანტს“ ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს, „მარიოტის უმაღლესი კლასის „Luxury Collection“-ის ბრენდის სასტუმროს „პარაგრაფ თბილისის“ პროექტის ვადების რამდენჯერმე ცვლილება მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გამო მოხდა, რამაც საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონია სასტუმრო ინდუსტრიის სფეროზე, განსაკუთრებით კი თბილისში მდებარე სასტუმროებზე.
სასტუმროს გახსნა თავდაპირველად 2021 წლის პირველ კვარტალში, შემდეგ 2022 წლის ზაფხულისთვის, ხოლო ბოლოს მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმებოდა. განსხვავებული იყო პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც, თავდაპირველად 101 მლნ დოლარის ინვესტირება იგეგმებოდა, თუმცა 2022 წელს ის 120 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ბოლო ინფორმაციით კი პროექტის საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 142 მლნ დოლარს შეადგენს.
სასტუმროში იფუნქციონირებს ექვსი კატეგორიის 220 ნომერი, საკონფერენციო, შეხვედრების ოთახები, A კლასის საოფისე და კომერციული ფართები, სპა, ფიტნეს ცენტრი და საცურაო აუზი. პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო საშუალებით დაუკავშირდება სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თაბორის მთაზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს“ და გოლფ კლუბს.