თბილისში ახალი რესტორანი „ნამდვილი“ იხსნება. თემაზე „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ და რესტორან „ნამდვილის“ გენერალურმა მენეჯერმა ანუკი ბერიძემ ისაუბრეს.

როგორც შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, რესტორნის კონცეფცია არის ის, რომ იქ მისულ სტუმრებს ნამდვილი, ავთენტიკური ქართული კერძები დახვდეს. მისი თქმით, რესტორნის გახსნისას მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ასევე ნამდვილი გუნდის შეკრება, რომელიც სამსახურში თავს კომფორტულად და დაფასებულად იგრძნობს.

„ზუსტად იმას გრძნობს სტუმარი, რასაც გრძნობს თანამშრომელი,“ - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება კერძების დამზადებას, რესტორნის გენერალური მენეჯერის თქმით, ისინი თანამშრომლობენ ნატურალური პროდუქტების მომწოდებლებთან. ამჯერად სასურველი, ნამდვილი გემოს მისაღებად რესტორანში კერძების ტესტინგი-დაგემოვნება მიმდინარეობს.

„რესტორანში ამჟამად ხდება კერძების ტესტინგი-დაგემოვნება და მივდივართ იმ შედეგამდე, რომელიც ჩვენთვის ასეთი სასურველია. რაც შეეხება ზოგადად კერძებს, ჩვენთან ყველაფერი იქნება ნამდვილი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ძველი გემო დავაბრუნოთ,“ - აღნიშნა ანუკი ბერიძემ.

შოთა ბურჯანაძის თქმით, ტრანსფორმაცია ცუდი მოვლენაა არაა, თუმცა რესტორან „ნამდვილში“ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ძველი მონატრებული გემოები გაიხსენონ.

„ტრანსფორმაცია ცუდი არაა, მაგრამ ზოგჯერ ხდება გემოების მონატრება, ჩვენი მიზანია, ის ნამდვილი გემო,რომელიც მოსწონს საზოგადოებას, იმერული წიწილი, მეგრული ხარჩო თუ კახური ჩაქაფული წარმოვაჩინოთ კუთხეების მიხედვით. არჩევანის შესაძლებლობაა, ადამიანი თვითონ ირჩევს. ნამდვილი კუბდარი მხოლოდ ჩვენ რესტორანში იქნება ნამდვილი ინგრედიენტებით, მას ანუკიმ მიაკვლია და მოიტანა რესტორანში, ამას ცოტა საიდუმლოდ დავტოვებთ,“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორანი „ნამდვილი“ სტუმრებს 11 ივლისიდან ელოდება მისამართზე: გიორგი სააკაძის პირველი შესახვევი.