ნავთობის საერთაშორისო ფასებმა კლება განაგრძო. 10 ნოემბერს, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 91.88 დოლარამდე შემცირდა, რაც წინა სავაჭრო დღის მაჩვენებელზე 0.75%-ით ნაკლებია. ამერიკული WTI-ის ფასი კი 0.9%-ით დაეცა და ბარელზე 86.07 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Reuters წერს.
ფასების შემცირება წინა დღეს დაწყებულ კლებას მოჰყვა. ორშაბათს Brent-ის ფასი 5.85%-ით დაეცა და 92.57 დოლარი შეადგინა. ამასთან, ნიშნული 31 აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალი იყო. ნავთობის ბაზარზე ფასების ვარდნას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციის მოლოდინი განაპირობებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო დარტყმების განხორციელებას არ გეგმავს. მისი თქმით, გადაწყვეტილებაზე გავლენა რეგიონის ქვეყნების, მათ შორის კატარის პრემიერ-მინისტრის, მოწოდებებმა მოახდინა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ბლოკადას ამ ეტაპზე შეინარჩუნებს.
ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირებული ექვსთვიანი მაქსიმუმის, 118 დოლარის შემდეგ Brent-ის ფასი დაახლოებით 22%-ით არის შემცირებული. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნავთობის ღირებულება 90 დოლარზე ქვემოთ ვერ ჩამოვა, თუ დეესკალაციის უფრო მყარი ნიშნები და აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება არ გამოიკვეთა. ამასთან, ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმების გაგრძელება ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკს კვლავ ზრდის.