კომპანია „ღვინის ქურდების“ თანადამფუძნებლის ზაზა ასათიანის განცხადებით, აზიის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი, განსაკუთრებით მცირე მეღვინეებისთვის გამოწვევად რჩება.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განმარტა, ძირითად დაბრკოლებებს მაღალი ლოგისტიკური ხარჯები, კონტეინერებით გადაზიდვის სპეციფიკა და ცალკეულ ბაზრებზე ფასის მიმართ მოლოდინები წარმოადგენს. 

მეღვინეობის თანადამფუძნებლის თქმით, "ღვინის ქურდები" მიუხედავად გამოწვევებისა აქტიურად ცდილობს აზიის ბაზრებზე გასვლას, თუმცა ამჟამად, ამერიკის ბაზარზე გაფართოებისთვის ემზადება.

"ჯერჯერობით კორეის ბაზართან კვლავ მოლაპარაკების პროცესში ვართ, თუმცა ვთვლით, რომ პირველი ექსპორტი ძალიან მალე განხორციელება, რადგან ყველა ძირითადი პრინციპი შეთანხმებულია. მოგეხსენებათ, რომ უკვე წარმოდგენილი ვართ იაპონიის ბაზარზე და სინგაპურის ბაზარზე. ამჟამად, ამერიკის ბაზარზე ვაპირებთ გაფართოებას. აქამდე რამდენიმე სატესტო მიწოდება გვქონდა, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. შესაბამისად, დაინტერესებულები არიან თანამშრომლობის გაღრმავებით და რაოდენობების ზრდა. 

ამასთან, ჯერჯერობით ვერ გავედი ჩინეთის ბაზარზე. შეფერხებაა ფასი. იმდენად დაბალ ფასს ითხოვენ, რომ ჩვენ ფიზიკურად ვერ ვჯდებით ამ ფასში. აზიაში ძალიან სერიოზული პრობლემაა ლოგისტიკა, რადგან ერთი არის საჰაერო გადაზიდვა, რაც კატასტროფულად ძვირია და კომერციულად გაუმართლებელია და მეორე მიმართულება არის საზღვაო კონტეინერით. ვინაიდან საქართველოდან აზიის მიმართულებით ძალიან მცირე რაოდენობის პროდუქცია გადის, ძალიან ძნელია იპოვო შენი მარშრუტი როგორ გაიტანო ღვინო, თუ მთლიან კონტეინერს არ გზავნი. თუმცა მთლიანი კონტეინერიც, რომ გააგზავნო ძალიან დიდი ხანი სჭირდება ჩასასვლელად. მცირე მეღვინეებისთვის აზიაში პროდუქციის გატანა ძალიან რთულია. შერეული ტვირთები არ იგზავნება და თუ კონტეინერს აგზავნი სავსეს, ვერ გაგზავნი ნაკლებ რაოდენობას, ან თუ ნაკლებ რაოდენობას გაგზავნი, მაინც მთლიანი კონტეინერის თანხას იხდი. ამ პრობლემას შევეჯახეთ სინგაპურშიც და კორეაშიც. 

ის ღვინო, რაც საქართველოდან გადის ჩინეთში არის ძალიან დაბალფასიანია და შესაბამისი ხარისხით და ისინი მიჩვეულები არიან, რომ ძალიან იაფი უნდა იყოს და ტკბილი. ჩვენ ვესაუბრებით, რომ ეს არის ქვევრის ღვინო ღვინის სამშობლოდან და შესაბამისად ძვირია, თუმცა მათ ამის აღქმა უჭირთ.

ზოგადად, ღვინის მოხმარება მსოფლიოში მცირდება და ტენდენცია კლებისკენ მიდის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ღვინის მოხმარების კულტურა ევროპასა და ამერიკაში უფრო არის, ვიდრე აზიაში", - აცხადებს "ღვინის ქურდების" თანადამფუძნებელი.

მანვე აღნიშნა, რომ მათი პროდუქციის თითქმის 90% ექსპორტზე გადის, ხოლო 10% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ზაზა ასათიანის თქმით, მეღვინეობა მიმდინარე წელს ღვინის ახალი სახეობების დამატებას არ გეგმავს, თუმცა იგეგმება ბრენდის ეტიკეტის ცვლილება.

"ამჟამად ჩვენთვის განსაკუთრებულ პროექტზე ვმუშაობთ. ჩვენს მარაგში არსებული ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის ეტიკეტს ქმნის ძალიან საინტერესო ქართველი მხატვარი - ნინო ჩაბრაძე. მასთან თანამშრომლობის მიზანი მხოლოდ ეტიკეტის შექმნა არ არის. ეს არის მცდელობა, რომ პრემიუმ ღვინო და მაღალი ხელოვნება ერთიან მხატვრულ იდეად იქცეს. დიდი ხანია გვსურდა ნინოსთან თანამშრომლობა და ძალიან გვიხარია, რომ ეს იდეა რეალობად იქცა. გვჯერა, მისი ორიგინალური ხელწერა ღვინოს ახალ ემოციურ და ესთეტიკურ განზომილებას შესძენს და სამომავლოდ ეს სრული ვიზუალური ტრანსაფორმაციის ბიძგსაც მოგვცემს. ვფიქრობთ, რომ ღვინო ახალი ეტიკეტით როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე წლის ბოლოს გამოჩნდება", - აღნიშნა ზაზა ასათიანმა.

წყარო: „ბიზნესპარტნიორი