მთავარია კანონი რეალურად შესრულდეს და მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს, - ასე აფასებს BM.GE-სთან სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ელზა ბებია ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები საქართველოში ვეღარ დასაქმდებიან კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად, სხვა შემთხვევაში კი შრომითი საქმიანობის უფლების მიღება მოუწევთ.
მისივე თქმით, აღსრულება რთული არ უნდა იყოს, თუ შესაბამისი ნება იარსებებს. „ჯგუფი თავისით არ დადის - ყოველთვის მოჰყვება გიდი. ავტობუსებით ჩამოსული ტურისტები მარტივად შესამჩნევია და კონტროლი შესაძლებელია. მთავარია, კანონი რეალურად შესრულდეს და მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს“, - ამბობს ელზა ბებია.
ბებიას ინფორმაციით, განსაკუთრებით მწვავე ვითარება ჩინური ბაზრის მიმართულებით შეიქმნა. ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ აღმოსავლეთიდან მომავალი ჯგუფების შემთხვევაში უკვე დაწყებული იყო ტენდენცია, როდესაც ჩინურმა კომპანიებმა ქართული პარტნიორების გვერდის ავლით საკუთარი გიდებით დაიწყეს ადგილობრივი კადრების ჩანაცვლება. „ჩინურ ენოვანი გიდები „ჩარეცხვის“ საფრთხის წინაშე ვიყავით. გიდის ხარჯზე კეთდებოდა ეკონომია და სწორედ ამ გზით გვანაცვლებდნენ“, - ამბობს ის.
ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ რეგულაციაში კონკრეტულად გაიწერა გიდების საკითხი. „ვიცოდით, რომ უცხოელების დასაქმების შესახებ კანონი შემოდიოდა, მაგრამ დაკონკრეტება, რომ მუდმივი ბინადრობის გარეშე გიდებს ტურის ჩატარება ეკრძალებათ, ნამდვილად კარგი ნაბიჯია. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ მოხდება აღსრულება. დამატებითი განმარტებები არ მიგვიღია, თუმცა მაინც წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია“, - აცხადებს იგი.
ელზა ბებიას თქმით, საკითხი მხოლოდ კონკურენციას არ ეხება და პირველ რიგში, უსაფრთხოებას უკავშირდება. „ჩამოდის გიდი, რომელმაც არ იცის ლოკაცია, რელიეფი და შესაძლო საფრთხეები. ჩვენს ტურისტულ ადგილებში ხშირად მიუსაფარი ცხოველები არიან. ასეთ ვითარებაში უცხოელ გიდს შეიძლება სწრაფი რეაგირება გაუჭირდეს. მთავარი უსაფრთხოებაა და ამ პროცესში ადგილობრივი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული“, - აღნიშნავს ის.
კითხვაზე, საკმარისია თუ არა ბაზარზე ადგილობრივი რესურსი, ელზა ბებია ამბობს, რომ ჩინურ ენოვანი გიდების რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა კომპანიებს შეუძლიათ აიყვანონ ქართველი გამყოლი, რომელიც უზრუნველყოფს ლოგისტიკას, მძღოლთან კომუნიკაციასა და უსაფრთხოებას. „თუ აღსრულდა - იმ შემთხვევაში ვიძახი, თორემ თუ არ აღსრულდა კანონი, გინდ გქონია და გინდ არა. ამიტომ, ზოგი რომ აპელირებს, "არ ხართ ამდენი [გიდი] და რას შვრებითო" - რომ არ ვართ, არიან უამრავი გიდები: ინგლისურენოვანი, რუსულენოვანი და სხვა ენოვანი, რომლებიც დახმარებას გაუწევენ და უსაფრთხოების ნაწილს მოაგვარებენ“, - ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი და დასძენს, რომ არსებული რეგულაციის ფარგლებში, გიდის მომსახურების ღირებულების ზრდა მოსალოდნელია.
მისი ინფორმაციით, ასოციაციაში ამჟამად დაახლოებით 20-მდე ჩინურ ენოვანი გიდია, რომლებმაც სერტიფიკაციის გამოცდა ჩააბარეს, თუმცა მათი სრული დასაქმება ვერ ხერხდებოდა. ელზა ბებია მაგალითად იხსენებს შემთხვევას, როდესაც თებერვალში, არასეზონურ პერიოდში, ერთმა კომპანიამ 60 ჯგუფი ჩამოიყვანა და მხოლოდ სამი ქართული გიდი დაასაქმა. „ხშირად ამბობენ, სეზონზე გიდებს ვერ ვპოულობთო, მაგრამ არასეზონზეც ეკონომიას აკეთებენ და ადგილობრივი კადრის ჩანაცვლება ხდება“, - აცხადებს ის.
მისი ინფორმაციით, უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ჩინურ ენოვანი გიდები ასოციაციას მიმართავენ საქმიანობის გაგრძელების წესებთან დაკავშირებით და მათ პირველ რიგში მუდმივი ბინადრობის მიღება უწევთ. „მთავარია, ბინადრობის გაცემის პროცესი არ იქცეს კორუფციის წყაროდ“, - აღნიშნავს ის.
როგორც ის ამბობს, მიმდინარე წელს აზიური ბაზრებიდან ტურისტების ნაკადი, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია, რაც გიდების ბაზარზე მიმდინარე პროცესებს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.