მსოფლიოში ღვინის მოხმარების მაჩვენებელი წლიდან წლამდე იკლებს. ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით 2023 წელს მსოფლიოს მასშტაბით სასმელის მოხმარებამ წინა წელთან შედარებით 2,6%-ით იკლო. კლება დაფიქსირდა 2022 წელსაც. ბოლო წლებში კი მოხმარების მაჩვენებელმა ჯამში 5%-ით დაიწია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ,,კომერსანტთან’’ საუბარში ღვინის მოხმარების კლების მიზეზებზე საუბრობს.
,,ღვინოში არის ალკოჰოლი, რომლის ხშირი მოხმარებაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არც თუ ისე სასარგებლოა. Gen Z- ახალი თაობა შედარებით ფრთხილად ეკიდება ღვინისა და ზოგადად, ალკოჰოლის მოხმარებას. თუმცა ალკოჰოლური პროდუქტებიდან ყველაზე ჯანსაღი და ყველაზე, მათ შორის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ზომიერი მოხმარების პირობებში ღვინოა, რომელიც ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს შეიცავს.’’- აცხადებს ლევან მუხუზლა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული ტენდენციის მიუხედავად ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდია და მისი ექსპორტი მზარდი.
,,ამ ფონზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ძალიან სასიხარულოა. რთველის პერიოდშიც ამერიკელი შემსყიდველების ჯგუფი იმყოფება საქართველოში. ისინი უშუალოდ ესწრებიან რთველის პროცესს და ადგილზე ეცნობიან ქართული ღვინის კულტურას. გვაქვს დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიები. წლის ბოლომდე გავმართავთ მნიშვნელოვან გამოფენას ჩინეთში, კერძოდ შანხაიში. ასევე დაგეგმილია სარეკლამო კომპანია აშშ-ში, რაც წაადგება ქართული ღვინის ექსპორტსა და ბაზრების დივერსიფიცირებას.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში ლევან მუხუზლა.
ბოლო წლებში ქართული ღვინის ექსპორტისა და ექსპორტით მიღებული შემოსავლების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. 2024 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 61 ქვეყანაში ექსპორტირებულია 54,5 მლნ ლიტრი, 156,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 26%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 24% შეადგინა. 2023 წელს 89,5 მილიონი ლიტრი ქართული ღვინო მსოფლიოს 66 ქვეყანაში გავიდა. შემოსავალმა კი 259 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.