მარანი "მილორაულის" დამფუძნებლის, თამარ მილორავას შეფასებით, ინდუსტრიულ ღვინოებთან შედარებით, მომხმარებლების ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება ხარისხიანი, მცირე წარმოების (craft) და ნატურალური ღვინოების მიმართ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი  "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, აღნიშნული ხაზით, როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელი მომხმარებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან.

"ვაწარმოებთ სხვადასხვა სახეობის ღვინოს. გვაქვს ქისი, ხიხვი, მწვანე, რქაწითელი, საფერავი, სირა და სხვა ჯიშებიც. ადგილობრივ ბაზარზე ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ღვინის ბარებში ვართ წარმოდგენილი. ექსპორტზე ბელგიაში, გერმანიასა და ნორვეგიაში გავდივართ. ახალი ბაზრების მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა ახლა კონკრეტული სამიზნე ბაზრის დასახელებისგან თავს შევიკავებ.

ზოგადად, უცხოეთში კონკურენციის პირობებში ქართული ღვინის  მთავარი უპირატესობა - მაღალი ხარისხი და ისტორიაა. ჩვენი ვენახები ბიოსერტიფიცირებულია, ასევე ნატურალური ღვინის ასოციაციის წევრები ვართ. ვფიქრობ, მსოფლიოში ბიოღვინის მოხმარება იზრდება და სწორედ ნატურალურ ღვინოებს აქვს დიდი მომავალი. ზოგადად, ბიოღვინის წარმოება რთული პროცესია. კერძოდ, ვენახის მოვლა ქიმიური საშუალებების გარეშე მიმდინარეობს, რაც დიდ შრომასა და ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასევე, ღვინის ხარისხისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტერუარს  (ბუნებრივ ფაქტორთა უნიკალური ერთობლიობა, რომელიც ღვინის გემოს, არომატსა და ხასიათს განსაზღვრავს). ჩვენი ვენახები ახმეტის მიკროზონაშია, რომელიც ნიადაგისა და მინერალების მხრივ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ზონად მიიჩნევა", - აცხადებს მარნის დამფუძნებელი.

ამასთან, თამარ მილორავა აზიური ბაზრის პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ქართულ ღვინოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

"ამ ეტაპზე მარანი "მილორაული" აზიურ ბაზარზე წარმოდგენილი არ არის. ზოგადად, აზიური ბაზრისთვის ქართული ქვევრის ღვინო საინტერესო პროდუქტია, რადგან აზიურ სამზარეულოს კარგად ერწყმის. ვფიქრობ, სწორედ ესაა ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნულ ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი მზარდია", - ამბობს მარნის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, მარანი "მილორაული" თელავში მდებარეობს, ხოლო ობიექტის ვენახები ახმეტის მიკროზონაშია გაშენებული, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით 7,5 ჰექტარია. 

წყარო: "ბიზნესპარტნიორი"