„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები გამოავლენს არაკეთილსინდისიერ კომპანიებს, რომლებიც ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის იმიჯს აზარალებენ. შესაბამისად, ასეთი კომპანიების რიცხვი შემცირდება და მომხმარებელთა მხრიდან ნდობა გაიზრდება“, - ამის შესახებ ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტმა და კომპანია „ონვეის“დამფუძნებელმა თამარ გოგოლაშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებებს, რომელიც კონკურენციის სააგენტოსთვის ინფორმაციის არ მიწოდების, ან არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კომპანიის დაჯარიმებას გულისხმობს, წინ უსწრებდა ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის მიღება, რამაც ამ სფეროში კომპანიების საქმიანობის რეგულირება მოახდინა.
„ალბათ იყო კომპანიების დიდი რაოდენობა, რომელიც კონკურენციის სააგენტოს არ აწვდიდა ინფორმაციას და შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ გადაწყვიტა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონში ეს მუხლი დაეზუსტებინა. თუ კონკრეტული კომპანია კონკურენციის სააგენტოს არ მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმის შესახებ თუ სად არის დარეგისტრირებული, რა არის მისამართი, ტელეფონი და ა.შ. მაშინ კონკრეტული სუბიექტი დაჯარიმდება და განმეორებით შემთხვევაში კვლავ დაჯარიმდება. თუმცა, ამ ცვლილებებს წინ უსწრებდა ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის მიღება, რომელზედაც 5 წელი მიდიოდა მუშაობა და პარლამენტმა ივნისში დაამტკიცა.
საბოლოო ჯამში, ელექტრონული კომერციის შესახებ ახალ კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომ მათ აქვთ ვალდებულება საიტზე განათავსონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ არიან დარეგისტრირებული, რა არის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია და თუ ამ წესს დაარღვევს კომპანია, ამ შემთხვევაშიც, ალბათ, კომპანია დაჯარიმდება. ჯერჯერობით ეს მუხლი არ არის ამოქმედებული.
ყოველ შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება ექნება მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, ან მანამდე მოსთხოვოს ონლაინ მაღაზიას, რომ მიაწოდოს ეს ინფორმაცია. კომპანიებს 190-დღიანი ვადა მიეცათ იმისთვის, რომ საიტზე ამისთვის ინფრასტრუქტურა მოაწესრიგონ “,- აღნიშნა თამარ გოგოლაშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპისთვის კონკურენციის სააგენტოში მომხმარებლების 300-მდე საჩივარია შესული და მხოლოდ რამდენიმე ჯარიმაა გამოყენებული კომპანიების წინააღმდეგ.
როგორც მან აღნიშნა, ონლაინ მაღაზიაში ნივთის ან ბილეთის შეძენისას მომხმარებელმა წინასწარ უნდა იცოდეს ამ მომსახურებით სარგებლობის პირობები, მაგალითად, რა ვადაში შეუძლია შეძენილის უკან დაბრუნება. ეს გარკვეულწილად ონლაინ მაღაზიის ვალდებულებაცაა, თუმცა თავად მომხმარებელმაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამ კუთხით ინფორმირებული იყოს.
თამარ გოგოლაშვილის განმარტებით, საქართველოში ელექტრონული კომერციის ინდუსტრიას ბაზრის სულ რაღაც 2-3% უჭირავს, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ევროპაში 17%-ია.
მისი თქმით, ამ ინდუსტრიას ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს და კეთილსინდისიერი კომპანიები, რომლებიც რეგულაციებს დაექვემდებარებიან, ნამდვილად შეძლებენ საქმიანობა გააფართოონ ადგილობრივ ბაზარზე და სურვილის შემთხვევაში, უცხოურ კომპანიებსაც გაუწიონ კონკურენცია.