ძველ თბილისში სასტუმრო Ibis Styles Old Tbilisi შესაძლოა, 2024 წლის მეორე ნახევარში გაიხსნას. 

პროექტს კომპანია Kala Ubani ახორციელებს. 67 ნომრიანი სასტუმრო თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში - კალაუბანში, კოტე აფხაზის 39-ში მდებარეობს.

როგორც პროექტის მენეჯმენტ კომპანია PDP-ს ხელმძღვანელი მინდია გადაევი „კომერსანტთან“ აცხადებს, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. 

„სასტუმროს სამუშაოების კონსტრუქციული ნაწილი შესრულებულია და არქიტექტურული სამუშაოები დასრულებულია, აქტიურად მიმდინარეობს შიდა საინჟინრო ქსელების ინსტალაცია, მალე შიდა რემონტებზეც გადავალთ. მომავალი წლის შუა პერიოდში ვეცდებით, რომ სასტუმრო დავასრულოთ და გავხსნათ“, - ამბობს მინდია გადაევი.

Ibis Styles Old Tbilisi-ში სასტუმროს გარდა განთავსდება რესტორანი და ბარი. პროექტის საერთო ფართი 4,000 კვ.მ-ია, ხოლო საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი დოლარია.