"მეღვინეობა ჩელთი"-მ ჩინეთში, შანხაიში საკუთარი საწყობი გახსნა. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი, ანა მირიანაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, პროდუქციის გაყიდვას საკუთარი საწყობიდან - 1 კვირაში დაიწყებენ.
ანა მირიანაშვილის ინფორმაციით, უცხოურ ბაზარზე პარტნიორები უკვე ჰყავთ და ახლა საწყობის დამატება, როგორც ღვინის ბრენდის ცნობადობას, ასევე გაყიდვების მიმართულებას მნიშვნელოვნად გაზრდის.
"ამჟამად, აქტიურად ვმუშაობთ აზიის მიმართულებით... შემოდგომაზე ჩინეთში, სინგაპურში, ჰონკონგში გამოფენებს დავესწრებით. მოგეხსენებათ თბილისიდან, თუნდაც პატარ-პატარა შეკვეთების მიწოდება რთულია, ჩვენი საწყობი კი, ბევრ საკითხს გაამარტივებს.
აღნიშნული ინიციატივა ჩვენთვის არახალია, საწყობი ევროპაშიც, გერმანიაშიც გვაქვს. შესაბამისად, მსგავსი მოდელის ჩინეთშიც დანერგვაც გვინდა. პირველი შეკვეთა საწყობში უკვე გავაგზავნეთ, ამ ეტაპზე, შედეგზე საუბარი ადრეა, უბრალოდ, პროცესი დაწყებულია - პირველი პარტიის ღვინო ადგილზეა და საკუთარ დისტრიბუციას დავიწყებთ. ამასთან, ჩვენ ღვინის 70%-ს უცხოეთში ვყიდით, 30% კი ადგილობრივ ბაზარზე გადის", - აღნიშნავს ანა მირიანაშვილი.
მისივე ცნობით, მათთვის ყველაზე საინტერესო ბაზარი ევროპაში გერმანიაა. აღნიშნული ბაზრის წარმომადგენლებს კი, ქართული ღვინოებიდან განსაკუთრებით - საფერავი მოსწონთ.
"ექსპორტზე 28 ქვეყანაში გავდივართ (აშშ, ევროპა, აზია). ევროპაში განსაკუთრებული ადგილი ჩვენთვის გერმანიას უკავია, საინტერესო ბაზარია ასევე ინგლისიც.
ადგილობრივ ბაზარზე HoReCa სექტორში და სპეციალურ ღვინის მაღაზიებში ვართ წარმოდგენილი, მაგალითად, როგორიცაა 8 000 მოსავალი. ასევე ჩვენი ღვინო წარმოდგენილი DUTY FREE-ში. წელიწადში დაახლოებით, 5 00 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ", - აცხადებს "მეღვინეობა ჩელთი"-ს კომერციული დირექტორი.
ანა მირიანაშვილის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათი კომპანიის გაყიდვები 15%-ით გაიზარდა, რასაც საერთაშორისო გამოფენებში აქტიურ მონაწილეობასა და სხვადასხვა, მარკეტინგულ კამპანიებს უკავშირებს.
შეგახსენებთ, კომპანია "ჩელთი" ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე "მეღვინეობა ჩელთის“ ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.
„მეღვინეობა ჩელთის“ 21 სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.