საქართველოში ნივთების სხვადასხვა ქვეყნიდან გამოწერა უფრო და უფრო პოპულარული ხდება და გეომეტრიული პროგრესით იზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა, ვინც საქართველოში შოპინგს, მეზობელ თურქეთში ონლაინ შოპინგს ამჯობინებს. მომხმარებლები უკვე ონლაინ ყიდულობენ ყველაფერს: ტანსაცმელს, თავის მოვლის საშუალებებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და საკვებსაც კი. მთავარი არგუმენტი არის ის, რომ საქართველოსთან შედარებით თურქეთში ონლაინ შოპინგი ბევრად უფრო იაფი ჯდება.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ ამანათის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 300 ლარს, ექვემდებარება განბაჟებას, ასევე განბაჟებას ექვემდებარება ერთ რეისზე, ერთი ონლაინ მაღაზიიდან გამოგზავნილი ამანათები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს ან აღემატება 300 ლარს. განბაჟებას თანხის მიუხედავად ექვემდებარება ამანათები, რომელთა რეალური წონა 30 კგ და მეტია და ასევე ბაჟდება ერთ ამანათში მყოფი სამი ერთგვაროვანი პროდუქცია.
ბოლო პერიოდში მომხმარებელთა მხრიდან ხშირია პრეტენზიები, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ნივთი (ან ნივთების ) საერთო ღირებულება არ აღემატება 300 ლარს, ან არ არის ერთ რეისზე 4 ერთგვაროვანი პროდუქცია, მაინც ექვემდებარება განბაჟებას. ფეისბუქ ჯგუფებში (მაგ:Trendyol-ის მომხმარებლები TRGE, usa2georgia-ს მიერ დაზარალებულ მომხმარებლები) არაერთი მოქალაქის პოსტს შეხვდებით, სადაც მსგავს პრობლემაზე იწერება. მოქალაქეები ვერ არკვევენ თუ რატომ დაექვემდებარა განბაჟებას მათი პროდუქცია მაშინ, როდესაც კანონში მითითებული არც ერთი პირობა დარღვეული არ იყო.
„კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია, გარდა კანონში მითითებული წესებისა, რა არის ნივთის ან ნივთების განბაჟების მიზეზი და გადამზიდ კომპანიებს „კივიპოსტს“და „ინექს ჯგუფს“ დაუკავშირდა.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას გადამზიდი კომპანია „კივიპოსტის“ საოპერაციო მენეჯერმა ქეთევან შანიძემ აღნიშნა, არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც კონკრეტული მომხმარებლისთვის კონკრეტული ამანათები მაინც ექვემდებარება განბაჟებას, მიუხედავად იმისა, თუ რა ღირებულების, რა წონის და რა რაოდენობისაა ესა თუ ის პროდუქტი.
„ეს გამომდინარეობს გამოწერების ან ამანათების წლიური რაოდენობიდან, რაც თითოეული მომხმარებლისთვის არის განსაზღვრული, სამწუხაროდ არსად არ არის მითითებული კონკრეტული მომხმარებლისთვის ის რაოდენობა, რის მერეც ამანათების ნებისმიერი ღირებულება ან რაოდენობა ექვემდებარება განბაჟებას. თუმცა გარკვეული რაოდენობის შემთხვევაში საბაჟოს აქვს უფლება, რომ ნებისმიერი გზავნილი, თუნდაც მისი ღირებულება შეადგენდეს 5$-ს, დაუქვემდებაროს განბაჟებას. ასეთ შემთხვევაში ეს თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია საბაჟოზე და არ არსებობს კონკრეტული რეგულაცია ამასთან დაკავშირებით, მაგალითად თუ მომხმარებელი სარგებლობს ხშირი გამოწერებით, წლის ჭრილში ბევრი ამანათი აქვს გამოწერილი, შესაძლოა, რომ საბაჟომ ეს კომერციულ საქმიანობად ჩათვალოს და ნებისმიერი ნივთი განუბაჟოს.
საბაჟო არც რაოდენობას და არც სიხშირეს არ აკონკრეტებს და მისი ზუსტი განსაზღვრება არ არსებობს, თუმცა ჩვენი დაკვირვებით, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს წლის ჭრილში 200-300 ამანათი აქვს გამოწერილი,“ - აღნიშნა ქეთევან შანიძემ.
ქეთევან შანიძე განმარტავს, რომ მებაჟეს ყოველთვის აქვს უფლება გახსნას ნებისმიერი ნივთი, მოითხოვოს გამყიდველისგან ინვოისი და ა.შ.
ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელიც „კომერსანტს“ დაუკავშირდა, აცხადებს, რომ მას 20 ოქტომბრიდან 1 მაისის ჩათვლით ჯამში 50-მდე ნივთი ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ბოლოს მიღებული გზავნილები, რომლებიც არც 300 ლარის იყო, არც 30 კგ-ზე მეტს იწონიდა და არც 3 ან მეტი ერთგვაროვანი პროდუქცია იყო, საბაჟომ მაინც განაბაჟა.
„კომერსანტთან“ საუბრისას გადამზიდი კომპანიის „ინექს ჯგუფის“ დირექტორი გიორგი კაპანაძე განმარტავს, რომ რეალურად რა განბაჟდეს და რა არა, ამასთან დაკავშირებით არსებობს საბაჟო წესები, რაც გაწერილია სხვადასხვა იურიდიულ დოკუმენტებში, თუმცა მისივე თქმით, ამას გარდა არსებობს საბაჟოს პრაქტიკა - ზეპირი გადაწყვეტილებები და მითითებები, რომლის მიხედვითაც მებაჟეს აქვს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების უფლება, რომ თვითონ განსაზღვროს, ესა თუ ის გზავნილი, ან გზავნილების ერთობლიობა არის თუ არა კომერციული დანიშნულების.
„ეს ხდება რამდენიმე შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებულია ის, რომ ერთგვაროვანი ნივთები ძირითად შემთხვევაში ბაჟდება, თუმცა აქაც პირობითი ზღვარია და არავინ არ იცის, რამდენია ეს ზღვარი. შეიძლება ერთ შემთხვევაში 3 ფეხსაცმელი ჩათვალოს მებაჟემ კომერციულ დანიშნულებაში და მეორე შემთხვევაში 5. სამწუხაროდ ასეთი წესი დაწერილი არ არის და რთულია იმაზე პასუხის გაცემა, თუ რა პრინციპით ხელმძღვანელობენ მებაჟეები. თუმცა მებაჟეს აქვს უფლება, რომ ნებისმიერი ამანათი ჩათვალოს საეჭვოდ, გახსნას და ერთგვაროვანი ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში დაუქვემდებაროს განბაჟებას.
ბოლო პერიოდში საბაჟომ დაიწყო ასეთი პრაქტიკა, რომ პროდუქციის განბაჟება ხდება მაშინაც კი, როდესაც ამანათში ერთგვაროვანი პროდუქცია არ დევს. საბაჟომ შეადგინა გარკვეული მონაცემთა ბაზა იმ მოქალაქეების პირადი ნორმების მიხედვით, რომლებიც ხშირად იწერენ პროდუქციას და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი ქვეყნიდან ხდება გამოწერა და რა დევს ამანათში, ყველაფერს განაბაჟებენ.
რაღაც პრინციპი აირჩიეს და ეს პრინციპი ძალიან ბუნდოვანია. ჩვენც გვქონია ამასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა თუ რა რაოდენობის შემდეგ, ან რა პერიოდის განმავლობაში ხდება შეზღუდვების სიაში მოხვედრა, მაგრამ პასუხი არ გვაქვს. ძალიან დიდი ბუნდოვანება და პრობლემებია. საბაჟო არც ჩვენთვის და არც მომხმარებლისთვის არ აკონკრეტებს ინფორმაციას, თუ სად არის ზღვარი და რა რაოდენობის და რა სიხშირით გამოწერილ ამანათს ეხება ეს და არც იმას არ აკონკრეტებს რამდენი ხანი რჩება ადამიანი ამ შეზღუდულ სიაში. ეს სამი საკითხი ჩვენთვის გაუგებარია. როგორც ჩანს ინდივიდუალურად არის მიღებული და საკანონმდებლო აქტი გამოშვებული არ არის, თუმცა როგორც ვიცით კანონი აძლევს საბაჟოს თანამშრომლებს უფლებას, რომ გადაწყვეტილება მიიღონ და წესები დააწესონ,“- აღნიშნა გიორგი კაპანაძემ. მისი თქმით, ეს საკითხი მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს და მომხმარებლები არა საბაჟოს, არამედ გადამზიდ კომპანიებს უკავშირდებიან და პასუხს სთხოვენ, თუმცა მათთვის რთულია პასუხის გაცემა, რადგან სახელმწიფოსგან აღნიშნული ინფორმაცია არ აქვთ.
„მომხმარებელს ჩვენ მიმართ აქვს პრეტენზია, თუ რატომ არ ვფლობთ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე და უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებით, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ რამე დააკონკრეტონ ან საიდუმლოა, ან საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. მომხმარებელი, რომელიც კარგად ვერ ერკვევა საკითხში, აბრალებს კომპანიას, რომ ნივთი კომპანიამ განუბაჟა და არა საბაჟომ.
ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი და თურქეთი, ქართველები იწერენ ყველაფერს, პირადი მომსახურების ნივთებს და საკვებსაც კი, შეიძლება ადამიანს უამრავი ოჯახის წევრი ჰყავდეს და ყველასთვის უნდოდეს რაღაცის შეძენა, ამიტომ იმ ლოგიკას, რომ ბევრი ნივთის გამოწერა აუცილებლად კომერციულ საქმიანობად ითვლება, ჩვენ არ ვეთანხმებით,“ - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.
„კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და შემოსავლების სამსახურისგან ელოდება პასუხს შემდეგ კითხვებზე.
- რის საფუძველზე ხდება ნივთების განბაჟება მაშინ, როდესაც არც საერთო ღირებულება აღემატება 300 ლარს და არც ერთგვაროვანი პროდუქციაა.
- რა სიხშირით გამოწერილი, ან რა რაოდენობის ნივთი შეიძლება დაექვემდებაროს განბაჟებას და როდის ხვდება მომხმარებელი ე.წ. „წითელ სიაში“ რის შემდეგადაც ყოველი ნივთი რა ღირებულებისაც არ უნდა იყოს, დაექვემდებარება განბაჟებას.
„კომერსანტი“ უწყების პოზიციას კითხვებზე პასუხების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.