RENAULT DUSTER III, Renault KARDIAN, Renault Taliant, Renault CAPTUR, Renault Express, Renault Express Van, Renault KOLEOS, Renault Master.- ეს იმ მოდელების ჩამონათვალია, რომლებსაც ქართველ მომხმარებელს დღეს Renault Georgia სთავაზობს. თუმცა კომპანიამ მიზანი დაისახა, რომ ბაზარს გაცილებით ფართო არჩევანი შესთავაზოს. წარმოდგენილი ასორტიმენტის გაფართოების მიზნით Renault Georgia მასშტაბური ცვლილებების ფაზაში გადადის, რაც იმას გულისხმობს, რომ კომპანია შოუ რუმის ნულიდან აშენებას იწყებს.
ახალი შოურუმი ძველ მისამართზე, ჯორჯ ბალანჩინის 34-ში განთავსდება. თუმცა მხოლოდ მისამართი დარჩება ძველი. 1832 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა თავიდან აშენდება. არსებული ნაგებობა კი სრულად დემონტაჟს დაექვემდებარება. შოურუმის ფართობი 648 კვადრატული მეტრით განისაზღვრა. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მიზანი და სამომავლო გეგმა წარმოდგენილი ავტომობილების ასორტიმენტის გაზრდაა. შოურუმი დღეს არსებულ სივრცესთან შედარებით, შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს Renault-ს გაცილებით მეტ მოდელს გაეცნოს.
ახალ შენობაში განთავსდება ავტო სერვისის მისაღები სივრცეც, რომლის ფართობიც 1184 კვადრატული მეტრი იქნება. სიახლე მხოლოდ ახალ შენობას არ გულისხმობს. Renault Georgia მომხმარებლებს ისეთ სერვისებსაც შესთავაზებს, რაც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო.
მასშტაბური ცვლილებების ფაზაში გადასვლას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს. Renault Georgia კომპანიის გლობალურ გაიდლაინებს მიყვება და ახალ შენობას სწორედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოაწყობს. აქ შოუ რუმისა და სერვისცენტრის გარდა თანამედროვე მოსასვენებელი სივრცეც განთავსდება, სადაც სტუმრები განტვირთავს და დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებენ.
მასშტაბური ცვლილებების ფაზაში მყოფი კომპანია წელიწად-ნახევრით მისამართს იცვლის. შოურუმი თბილისი მოლის სივრცეში განთავსდება. სერვისის მიღება კი ვიქტორ ნოზაძის 1 ნომერში იქნება შესაძლებელი.
Renault Georgia 2024 წელს რეალური გაყიდვებით ადგილობრივ ბაზარზე მესამე ადგილს იკავებდა. კომპანიამ გასულ წელს 500-მდე ავტომობილი გაყიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ Renault Georgia-ს მესამე პოზიცია მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდებული ავტომობილების რაოდენობით უჭირავს. რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი გაიყიდა და დარჩა საქართველოში. 2024 წლის ფლაგმანი ავტომობილები Renault Duster, Renault Express და Renault Master იყვნენ.
კომპანიაში ამბობენ, რომ Renault Duster-ი გაყიდვების ნამდვილი ბესტსელერია და მას აქვს პოტენციალი, ეს პოზიცია კიდევ დიდხანს შეინარჩუნოს. 2025 წელს კომპანიამ სამი ახალი მოდელი წარმოადგინა. ესენია: მესამე თაობის Renault Duster ,Taliant-ი და Kardian-ი. სამივე მოდელი ბიუჯეტური და ეკონომიურია.
Kardian-ი გამოირჩევა თანამედროვე ვიზუალით, მაღალი კლირენსითა და ქალაქზე მორგებული კომპაქტური ზომებით, ხოლო Taliant-ი თავის კლასში გამოირჩევა ფართო შიდა სივრცითა და დიდი ზომის საბარგულით, რაც მას ძალზედ პრაქტიკულს ხდის, როგორც საოჯახო, ასევე კომერციული მიზნების განსახორციელებლად.