„ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი“, - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ალავიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ქვეყანაში სასურსათო პროდუქციაზე არსებულ ფასნამატთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროდუქტზე ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატითაა განპირობებული, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.

პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. მან საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნითაც მიმართა.

როგორც ნიკოლოზ ალავიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, პრემიერის განცხადება არ არის გათვლილი კონკრეტულ შედეგებზე და და ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„ეს არის ძალიან იაფფასიანი პოპულიზმი. უბრალოდ, ძალიან არასწორ დროს. არჩევნებისთვის ან რაღაც სხვა აბსოლუტური მარაზმისთვის რომ ემზადებოდნენ, ცოტას ავხსნიდით რაღაცას. თუმცა, რეალურად ეს არის მათ ოთახში, მათივე მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პანდორას ყუთის გახსნა. რაც თვითდაზიანების ექსპერტებისთვის დამატებითი თავისტკივილია, რომ აიხსნას რატომ მოხდა.

რას ნიშნავს ეს? ეს განცხადება, რაც ამ არაპატივცემულმა ადამიანმა გააკეთა, გულისხმობს მსხვილი ქსელების მიერ ბაზრის ოლიგოპოლიურ, მონოპოლიურ მიტაცებას და აბსურდული რიცხვები აქვს მოყვანილი. რა თქმა უნდა, არითმეტიკულად შეიძლება ეს ასეც იყოს, მაგრამ სრულიად ზერელეა. მხოლოდ ფართო მასების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მეტი არაფერი.

დავიწყოთ იმით, რომ რამდენიმე წლის წინ, მეორე არაპატივცემულმა პრემიერმა, ღარიბაშვილმა სწორედ მაგ საკითხზე დაიწყო გარკვეული განცხადებების გაკეთება და ვითომ რაღაცების შესწავლა. მაშინ ფარმაცევტული ბაზარიც შეისწავლეს და გამოძიებით საკუთარ თავზე გავიდნენ. ამიტომ განცხადებები დარჩა სადღეგრძელოდ.

ახლა მასშტაბი სხვაა. იმიტომ, რომ ევოლუციურად ხომ ვითარდება და იზრდება „ქართული ოცნების“ იდიოტიზმის ხარისხიც. ეს ქსელები, რომელიც ამ არაპატივცემულმა პერსონაჟმა დაახასიათა, ყველა არის ობერ ოცნების. თითზეც შემიძლია ჩამოვთვალო ყველა მსხვილი ობიექტის მფლობელი ვინცაა. ეს იმიტომ, რომ ძალიანაა გამსხვილებული, წვრილი ინდივიდუალური მოთამაშე თითქმის არ არსებობს საქართველოში. თუ არიან ასეთები, სულს ღაფავენ. მარტივად გადამოწმებადია, შეგიძლიათ საჯარო რეესტრში ან გუგლში ჩაწეროთ და ნახოთ, ვინ არიან ამ კომპანიების დამფუძნებლები. აბსოლუტურად ყველა არის ობერ ოცნება. არიან ან მოქმედი პარლამენტარები, ან მოქმედი მინისტრები და მათი ოჯახის წევრები. ან სულაც მარეგულირებელი კომისიის უმაღლესი თანამდებობის პირები. „კარფურის“ გარდა. კი იცით, რომ ეს არის ერთ-ერთი რეალური ინვესტორი, ვინც ან ქვეყანაში სპარსეთის ყურიდან შემოვიდა.

ყველა ეს მსხვილი ქსელი არის წმინდა „ქართული ოცნებური“ მოვლენა და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ განცხადება არის სიმპტომატური, სადაც ძალიან არასწორი აქცენტებია გაკეთებული და მოცემულია გაუგებარი ნარატივი. რაზეც არის ამ განცხადებაში საუბარი, მხოლოდ ამ დარგს არ ეხება და ეხება ყველა სხვა დარგს საქართველოში, რომელშიც ბუნებრივი მონოპოლია, ან არაბუნებრივი მონოპოლია და ოლიგოპოლიებია, ან არის კარტელური გარიგებები. და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი „დაზღვეულია“ უმაღლესი სახელმწიფოებრივი კორუფციული მოდელით.

სწორედ ამიტომ, ეს არის სუპი ვისაც აქვს მთავარ მენიუში და ბედნიერები არიან, იმ საზოგადოებისთვის გადაგდებული უტიფარი განცხადება. განცხადება, რომელიც კარგს არაფერს არ მოიტანს და შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს. რეალურად არაფერი არ მოხდება. უბრალოდ, ვინც ამ სეგმენტში არის არა „ოცნების“ წევრი ან მომხრე, მცირე მეწარმე, რეალურად ვინც რაღაცას საქმიანობს, იმათ შეესევიან. მცირე, რამდენიმე მეწარმეზე მოხდება ამ განცხადების რეალიზება, სხვა არაფერი“, - აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.

www.bpn.ge