კოვიდის შემდეგ, სარესტორნო სექტორში, სახელფასო ბიუჯეტი და ანაზღაურება ერთი ორადაა გაზრდილი, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ მანამდე X გვქონდა სახელფასო ბიუჯეტი, ახლა 2X აქვთ და მიმტანისთვის მინიმალური თვიური შემოსავალი 1500 ლარია.
„რამდენიმე წლის წინ ადამიანები დაუთვლელი საათებით, კვირაში 6-7 დღე ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობდნენ. ვითარება გარკვეულწილად იცლება. როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის მიდგომა უნდა იყოს ის, რომ ყველაზე მთავარია, კმაყოფილი თანამშრომლის ყოლა. დღეს სამუშაო საათების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება ანაზღაურება. სარესტორნო სექტორში დამსაქმებლისთვის ძალიან გაძვირებულია სახელფასო ბიუჯეტი, შეიძლება ერთი ორად. კოვიდის შემდეგ, ჩვენს სფეროში, ხელფასებიც ერთი ორადაა გაზრდილი. არის რგოლები, სადაც ხელფასის ზრდასთან ერთად დასაქმების პრობლემა გარკვეულწილად გადაიჭრა. ჩვენ თუ X გვქონდა სახელფასო ბიუჯეტი, ახლა 2X-ია. მიმტანისთვის მინიმალური თვიური შემოსავალი 1500 ლარი თუ არ არის, ის ამ პოზიციაზე არ საქმდება“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.
მისი თქმით, მაღალი ანაზღაურების მიუხედავად კადრების დეფიციტის პრობლემა მაინც დგას და ამის მიზეზი ის არის, რომ „გასტრონომიის სექტორი, ხშირად, არასტაბილურ სფეროდ აღიქმება.
„გასტრონომიის სექტორში დიდი ხელფასების მიუხედავად, ჩვენს სფეროში დასაქმებაზე მოთხოვნა არ არის. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი სფერო სტაბილური სფერო არ იყო და, შესაბამისად, დასაქმებული თავს სტაბილურად არ გრძნობდა. ხშირია შემთხვევები, როცა რესტორანი გაიხსნება და 2-3 თვეში იხურება. არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა სფეროში ნაშოვნი ფულის სარესტორნო ბიზნესში ჩადება სურთ და გამოცდილების გარეშე იწყებენ რესტორნის მართვას. ამიტომაც პრობლემები იჩენს თავს და ხშირად იხურება ასეთი რესტორნები. ამიტომ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ მეპურემ პური უნდა აცხოს და სარესტორნო სფეროთი უნდა დასაქმდნენ ის ადამიანები, ვინც ეს სფერო კარგად იცის“, - აცხადებს რესტორატორი.