კორპორატიული შეკვეთების კუთხით უფრო მეტი მოლოდინი მქონდა, რაც შესაძლებელია, ბაზარზე გაზრდილი კონკურენციით იყოს გამოწვეული, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" "ჩირიფრუტის" თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პასკების ნაწილში კორპორატიულ სეგმენტზე კომპანიის გაყიდვების 10% მოდის, ხოლო სხვა ტკბილეულის მიმართულებით "ჩირიფრუტი" ერთ-ერთი მოთხოვნადი და ლიდერი კომპანიაა.

"პასკების წარმოების ტექნოლოგია წელს შევცვალეთ და ფისტის ასორტიმენტი დავამატეთ. აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა მაღალია. ამჟამად, რამდენიმე სხვადასხვა სახეობის პასკა გვაქვს, მათ შორის, კარამელის მოსართავით, ფისტის, შოკოლადის და სხვა. სააღდგომოდ ტრადიციულად გვაქვს შოკოლადის კვერცხებიც, რომელიც ასევე, გაყიდვადი პროდუქტია. შარშანდელთან შედარებით კომპანიის გაყიდვები გაზრდილი არ არის, თუმცა არც შემცირებულია, სტაბილურად მივდივართ. შარშან ჩვენი გაყიდვების დაახლოებით, 20%-ს კორპორატიული სეგმენტი წარმოადგენდა, წელს კი მათი რაოდენობა შემცირდა და კერძო შეკვეთები ჭარბობს.

პასკის შოკოლადიანი მორთულობით, ბაზარზე ერთ-ერთი პირველები ვიყავით, თუმცა ახლა მსგავსი დიზაინით წარმოება საკმაოდ ბევრმა კომპანიამ დაიწყო. ზოგადად კორპორატიული სეგმენტიდან მოთხოვნა არ შემცირებულა, უბრალოდ მათ უფრო მეტი არჩევანის შესაძლებლობა მიეცათ", - აცხადებს სოფია ჯიქია.

ცნობისთვის, შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. ამჟამად კომპანიას თბილისში სავაჭრო ცენტრებში 4-მდე სტენდი აქვს და ასევე, აეროპორტის - Duty Free ზონაშია წარმოდგენილი. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს თბილისში არსებულ საწარმოში აწარმოებს.

"ჩირიფრუტი" 80-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის წლიური წარმადობა 30 ტონაა და საწარმოში 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ბიზნესპარტნიორი