საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტომ  საავტომობილო საწვავის ბაზარზე მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე, იანვრის თვეში - ფასების ზრდა ფიქსირდება, ხოლო თებერვალ-მარტში ფასების კლება.

GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ქედელიძის ინფორმაციით, 2025 წელს საავტომობილო საწვავის ბაზარზე ფასის კლება, ისევე როგორც მატება, გლობალური მოვლენებით იყო გამოწვეული.

„საწვავის ფასებზე GCCA-ში დაკვირვება ბოლო რამდენიმე წელია, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად, ჩვენ  ვაკვირდებით როგორც ყოველწლიურ ჭრილში, ისე კვარტალურად, რათა ბაზრის ანალიზისა და შედარების შესაძლებლობა გვქონდეს. კვარტალურ დაკვირვებას ის მიზანი აქვს, რომ შეფასდეს, თუ როგორ იცვლება ფასები ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საცალო, ისე საბითუმო მომხმარებლისთვის. ასევე, დადგინდეს იყო თუ არა ფასების ცვლილება თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებთან.

2025 წლის პირველი კვარტალის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ბაზარზე ყველაფერი წესრიგშია. წლის დასაწყისში ფიქსირდებოდა ფასების ზრდა 4-10 თეთრის ოდენობით, რაც საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდით იყო განპირობებული, თუმცა თებერვლიდან, განსაკუთრებით მარტის თვიდან ფასმა კლება დაიწყო. შემცირებამ დაახლოებით 10 თეთრი შეადგინა, რაც ასევე განპირობებული იყო საერთაშორისო ბაზარზე განვითარებული მოვლენებით.

საქართველოში, საწვავის ბაზრის საცალო სექტორში დაახლოებით 380-მდე კომპანია1100-მდე ბენზინგასამართი სადგურის ოპერირებას ახორციელებს სადგური გვაქვს, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გათვალისწინებით, საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

საავტომობილო საწვავის ბაზარი მომატებული რისკის ბაზარია და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებიც, წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, საკმაოდ ხშირია. თუმცა, აღნიშნული არ არის მხოლოდ ქართული ბაზრისთვის. რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ როცა საწვავის ფასი მომწოდებელ ქვეყანაში შეიცვლება, ეს ჩვენ ბაზარზე ავტომატურად და მყისიერად აისახება, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით და კომპანიების მარაგების გათვალისწინებით, დაახლოებით 3-კვირიან ან  1-თვიან პერიოდში ფასის კლება საცალო ბაზარზე უნდა აისახოს“,- აღნიშნა გიორგი  ქედელიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

„კონკურენციის კანონმდებლობის მიხედვით, მონოპოლისტი კომპანია ქართულ ბაზარზე არ არსებობს. მონოპოლიად ითვლება თუ კომპანია ბაზრის სულ მცირე 40%-იან წილს აკონტროლებს ან სამი კომპანია თუ აკონტროლებს სულ მცირე 50%-ს. ამგვარი წილების გადანაწილება  ბაზარზე არ ფიქსირდება, თუმცა სხვა საკითხია შეთანხმებული ქმედება.

ჩვენი მონიტორინგის ერთ-ერთი მთავარი მიგნება იყო, რომ საერთაშორისო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობის ფასი ბოლო წლების მინიმუმზეა. ნედლი ნავთობი დაახლოებით 66-67$-ის ფარგლებში ივაჭრება, რაც მთავარია ეს ნიშნული საკმაოდ გრძელვადიან პერიოდშია შენარჩუნებული. ჩვენი შეფასებით, ეს ქვეყნის გარეთ, შესასყიდი საწვავის თვითღირებულებაზე აუცილებლად აისახება, რაც საცალო ფასებზეც უნდა აისახოს.

ჩვენ ქვეყანაში საწვავზე მოთხოვნა სტაბილურია, შეგვიძლია ვთქვათ, სტაბილურად მზარდიც. 2024 წელს დაახლოებით 7-8%-ით უფრო მეტი საწვავი შემოვიდა ქვეყანაში, რაც ნიშნავს, რომ  მოხმარება გაზრდილია“, - აღნიშნა GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ქედელიძემ.