საქართველოში ბევრი არასაჭირო ოპერაცია კეთდება. ეჭვია, რომ როგორც ფარმაციაა ბიზნესად ქცეულია, ასეა კლინიკებში და ოპერაციებში სახელმწიფოსგან თუ მოქალაქეებისგან ფულს "ქაჩავენ". ამ ეჭვს ადასტურებენ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და თან ამბობენ, რომ ქვეყანაში არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს.
საქართველოში მედიკამენტოზური მკურნალობა ბიზნესად არის ქცეული და ამაში დიდი ფული კეთდება. ცნობილი ფაქტია, რომ ექიმების უმეტესობას ბევრ წამალს უნიშნავს პაციენტს და ზოგ შემთხვევაში მედიკამენტი ერთი და იგივე დანიშნულებისაა. ამიტომ არსებობს ეჭვი, კლინიკებშიც ხომ არ ხდება იგივე და ფულის კეთების მიზნით პაციენტებს არასაჭირო ოპერაცია უკეთდება?
ამ ეჭვს ადასტურებენ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და მიუთითებენ იმაზე, რომ საქართველოში შესაბამისი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. როგორც ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა ვატო სურგულაძემ განაცხადა, ქირურგიული ჩარევა ღირს ძალიან ძვირი, ამიტომ მისგან დიდი შემოსავალია.
"გამორციხული არაფერი არ არის და ზოგჯერ ასე ხდება კიდეც და ეს იმიტომ, რომ ძალიან ხშირად სახელწმიფოს მხრიდან არაადეკვატური დაფინანსება აქვს ყველაფერს. ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვა პრაქტიკულად არ მუშაობს და ოჯახის ექიმის დონეზე არაფერი წყდება. ხშირად არის შესაძლებელი ოპერაციის თავიდან აცილება და კონსერვატიული მეთოდით მკურნალობა, რისი დიდი მომხრეც ვარ.
ამოცანა ის არის, რომ ოპერაციამდე არ უნდა იქნას საქმე მიყვანილი და ეს უნდა იყოს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ამოცანაც. როგორც გითხარით, არის შემთხვევები, როდესაც ოპერაციული ჩარევა არ არის საჭირო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტს ზიანს აყენებს ვინმე. ეს უკვე სისხლის სამართლის საქმეა.
ევროპაში არსებობს ე.წ. მეორე აზრის გამოკვლევა, პაციენტი მიდის ორ ექიმთან და ვისაც უფრო ენდობა, მასთან რჩება სამკურნალოდ, თუმცა შეიძლება მესამე აზრიც იყოს გამოკვლეული.
საერთოდ, მედიცინა არ არის მეცნიერება, არამედ არის ხელოვნება, რადგან ორ ადამიანს შესაძლოა, ერთი და იგივე დიაგნოზი ჰქონდეს და ერთს დასჭირდეს ერთი კონკრეტული ტიპის მედიკამენტი და იგივე წამალმა მეორეზე არ იმოქმედოს. ყველა პაცინეტი არის ინდივიდუალური და ძალიან დიდი ხნის წინ ჰიპოკრატემ რაც დაწერა, ახლაც სწორია, რომ ექიმები არ კურნავენ ავადმყოფობას, ექიმები კურნავენ ავადმყოფს.
ქირურგიული ჩარევა ღირს ძალიან ძვირი, ამიტომ მისგან დიდი შემოსავალი აქვთ კლინიკებს. როდესაც ჯანდაცვის სისტემაში არაადეკვატური დაფიფინანსებაა და ექიმის ანაზღაურება დაბალია, გასაგებია, რომ მან შეიძლება არჩიოს უფრო ძვირადღირებული მკურნალობა ჩაატაროს ან ოპერაცია დანიშნოს, თუმცა ეს ბოლომდე კეთილსინდისიერი საქმე არ არის. მშიერი ან დაბალ შემოსავალიანი ექიმი პოტენციური მკვლელიც კი შეიძლება იყოს. ასე რომ, დაბალი ანაზღაურების ექიმი საშიშია საზოგადეობისათვის, მაგრამ ამისთვის ჩვენს ქვეყანაში არაფერი კეთდება”, - ამბობს სურგულაძე.
პაციენტებს ექიმები დიაგნოზის მოგვარების სხვადასხვა გზას სთავაზობენ და ჯანმრთელობის ერთი და იგივე პრობლემა ერთმა ექიმმა შესაძლოა, მკურნალობით მოაგვაროს, მეორემ კი ოპერაცია დანიშნოს. მსგავსი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრი კომენტარი იწერება. "გახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელმძღვანელი მარინა ბერაძე ადასტურებს, რომ ასეთი მაგალითი მართლაც უამრავია.
"რა თქმა უნდა, რადგან კლინიკები არის კერძო და არა სახელმწიფო, კერძო კი მომგებიანი კლინიკებია. როდესაც კლინიკაში მიდის პაციენტი, რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ რაც შეიძლება ძვირადღირებული მომსახურება შესთავაზონ, გამოკვლევებიც კი.
საერთოდ, ოპტიმალური უნდა იყოს მკურნალობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მცირე ჩარევით, კვლევით და მანიპულაციით მიაღწიოს მეტ მიზანს, მაგრამ, როდესაც ინტერესი კომერციული, კლინიკა კერძო და მომგებიანია, რა თქმა უნდა პაციენტი, რომელიც ოპერაციას საჭიროებს, ის უფრო მეტ ფულს შეიტანს, ვიდრე ის, ვინც თერაპიულად მკურნალობს. დღეს უნივერსალური გადამხდელი არის სახელმწიფო, ძალიან ბევრი პროგრამა ფინანსდება და რასაკვირველია, კლინიკებს რაც შეიძლება მეტის ათვისება უნდათ.
მაგალითად, თვალის ექიმთან აღარც ვიცი მკურნალობა თუ ტარდება, იმდენად ყველა ოპერაციაზე გადართული. რაც არ უნდა იყოს, როგორც წესი, პაციენტს პირდაპირ სთავაზობენ ოპერაციას, რადგან ის უფრო ძვირადღირებულია.
აქ გასაკვირია არაფერი არ არის. სანამ კანონით არ იქნება აკრძალული ის, რომ ერთი სუბიექტის ხელში არ უნდა იყოს ჯანდაცვის ყველა რგოლი და ბერკეტი არ ექნება სამინიტროს, რომ თავისი დაფინანსებული თანხა თავად განკარგოს და კონტროლი აწარმოოს, მანამდე ასე გაგრძელდება.
ახლა არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, თორემ ყველაფრის მოფიქრება შეიძლება. ნორმალურ ქვეყნებში ასე არ არის, თუნდაც ის, რომ ერთი სუბიექტის ხელში არ უნდა იყოს სადაზღვეო სისტემაც და კლინიკაც. დღეს საქართველოში ექიმი პაციენტის კი არა, კლინიკის ინტერესს ემსახურება. ვინ გაიჩერებს ისეთ ექიმს, რომელიც პაციენტს ეტყვის, რომ ოპერაცია არ სჭირდება და შედარებით იაფად უმკურნალებს?”, - განაცხადა მარინა ბერაძე.
წყარო: "რეზონანსი"