ხვალიდან, 1 აგვისტოდან კლინიკების შემოწმების გამკაცრებული წესები ძალაში შედის.
3 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონების პროექტები: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ცვლილებების თანახმად, ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარი გახდა, სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ექიმის საქმიანობაზე კი ჯარიმა 2000 ლარია. 4000 ლარით დაჯარიმდება მაკონტროლებელი ორგანოს ბეჭდის განზრახ დაზიანება.
რეგულირების სააგენტოს უფლება ეძლევა, კლინიკაში გაუფრთხილებლად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს, თუმცა ამის შესახებ პარალელურ რეჟიმში სასამართლოს უნდა აცნობოს.
ამასთან, მაკონტროლებელს ეძლევა უფლება, სამედიცინო დაწესებულება გეგმიური შემოწმების ფარგლებში წელიწადში 1-ის ნაცვლად 3-ჯერ შეამოწმოს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ეს ცლილება პაციენტის უფლებებს უკეთ დაიცავს.
„ამ კანონპროექტების ამოქმედებით ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი დაკანონდება, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის პაციენტის დაცულობას ჯანდაცვის სისტემაში და ხელს შეუწყობს სამედიცინო პერსონალის ეფექტურ და უსაფრთხო საქმიანობას,“ - განაცხადა გაბუნიამ.