ხელოვნური ინტელექტი (AI) პირველად ოფიციალურად 1955 წელს გამოიყენეს. ეს იყო პროგრამები, რომლებსაც ჭადრაკის თამაში შეეძლოთ. 41 წლის შემდეგ, 1996 წელს Deep Blue ჭადრაკის კომპიუტერმა მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი დაამარცხა.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროები უსასრულოა. მათ შორის ჯანდაცვის ინდუსტრიაა, სადაც ხელოვნურ ინტელექტს წამლების დოზების განსაზღვრაში, მკურნალობის იდენტიფიცირებასა და ქირურგიული პროცედურების დასახმარებლად საოპერაციო ოთახში იყენებენ. AI ასევე გამოიყენება ფინანსურ ინდუსტრიაში, ისეთი საბანკო და საფინანსო აქტივობების აღმოსაჩენად და მოსანიშნად, როგორიცაა უჩვეულო საკრედიტო ბარათების გამოყენება და დიდი ანგარიშის დეპოზიტები. თავდაპირველად ტექნოლოგია ხელმისაწვდომი მხოლოდ დიდი კომპანიებისთვის იყო, თუმცა დღეს ხელოვნურ ინტელექტზე წვდომა თითქმის ყველა ბიზნესს აქვს. AI მათ მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება, ზოგავს დროს, ენერგიასა და ხარჯებს. მას შეუძლია საოცარი ვიზუალების, გენერირება, კონტენტის ოპტიმიზაცია და მომხმარებლის გამოცდილების ინდივიდზე მორგება. ამას კი მხოლოდ რამდენიმე წუთში ასრულებს.
AI-ს გავლენა სამუშაო ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ხელოვნური ინტელექტი ადამიანების ნაწილში შიშს იწვევს. დღეს ბევრი საუბრობს, რომ ის უამრავ პროფესიაში ადამიანებს ჩაანაცვლებს. ხელოვნური ინტელექტი უკვე ბევრს კომპანიაში გამოიყენება, რამაც მსოფლიოს მასშტაბით უმუშევართა რაოდენობის ზრდა გამოიწვია. რა გავლენას ახდენს AI სამუშაო ბაზარზე და რა შეიძლება იყოს მომავლის პროფესიები? საკითხზე ,,კომერსანტის დილაში’’ ისაუბრეს. ვაკანსიების პლატფორმა Sfero.ge-ს დამფუძნებელი სანდრო ბოლქვაძე აცხადებს, რომ ტექნოლოგიურმა განვითარებამ მთელს მსოფლიოში შრომის ბაზარზე ძალიან დიდი ცვლილებები გამოიწვია.
,,რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის შემოსვლამ შეცვალა ძალიან ბევრი რამ. როგორც თავის დროზე უშუალოდ პერსონალურმა კომპიუტერებმა შეცვალეს სამუშაო კულტურა. თავიდან ამან გამოიწვია უმუშევრობა. მათ შორის, 80-იან წლებში. როგორც წესი ახალი ტექნოლოგია თავიდან იწვევს უმუშევრობას, მაგრამ შემდეგ იმდენი ახალი სამუშაო შემოაქვს, რომ აკომპენსირებს გაზრდილ ეკონომიკას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტი იქნება ძალიან დიდი ძრავი, რომ ბევრი ახალი პროფესია შეიქმნას. დღეს ძალიან რთულია განსაზღვრო რა ტიპის პროფესიები იქნება მომავალში. ადამიანის სწრაფი ლოგიკა და სწავლის სწრაფი უნარი იქნება ძალიან პრიორიტეტული. ადამიანი უფრო გადაწყვეტილებების მიღებაში იქნება ჩართული, ვიდრე რუტინულ სამუშაოებში.’’- აცხადებს სანდრო ბოლქვაძე.
მომავლის პროფესიების განსაზღვრა რთულია, თუმცა ცხადია, რომ ხელოვნური ინტელექტი სამუშაო შესრულების პროცესს გაამარტივებს. ადამიანს კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად ყველაფრის ცონდა აღარ დასჭირდება და მას პროცესში ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება. ტექნოლოგიურმა სიახლემ გავლენა მოახდინა სახელფასო პოლიტიკაზეც. ტრადიციული პროფესიებში ანაზღაურება დღეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თანამედროვე პროფესიებში.
,,ადამიანურმა სამუშაო ძალამ ნახა ბევრად უფრო სწრაფი ალტერნატივა. რატომ უნდა იმუშაოს მან შენთან 2 წელი, როდესაც ნახევარ წელში შეუძლია ისწავლოს მაგალითად, FRONT-END DEVELOPMENT, JavaScript და ერთ წელიწადში უკვე მუშაობდეს 2-ჯერ უფრო მაღალ ხელფასზე ვიდრე შენ სთავაზობ. ამ მიმართულების პროფესიებით ანაზღაურების ზღვარი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ფინანსისტად ან იურისტად მუშაობის შემთხვევაში. დაახლოებით 15 წლის წინ ფინანსისტობა და იურისტობა ითვლებოდა ძალიან კარგ პროფესიებად, მაგრამ დღეს ის ნამდვილად ვეღარ უწევს კონკურენციას ტექნოლოგიებში არსებულ სახელფასო რეინჯს.’’- განაცხადა სანდრო ბოლქვაძემ.
თანამედროვე პროფესიების შესწავლა დღეს მარტივი და ხელმისაწვდომია. განათლების ბაზარზე უამრავი კურსია, რომელიც სწავლის მსურველებს მოკლე პერიოდში, სახლიდან გაუსვლელად მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლებას სთავაზობს. შეიცვალა სამუშაოს მოძიებისა და თანამშრომლის პოვნის გზებიც. დღეს უფრო ნაკლები კომპანია მიმართავს დასაქმების საიტებს. დამსაქმებლებიც და სამსახურის მაძიებლებიც პროცესს სოციალურ ქსელებში წარმართავენ.
ყველა დიდ ტექნოლოგიურ განვითარებას სამუშაო ადგილების დაკარგვა მოჰყვებოდა. თუმცა ეს ეფექტი დროებითია. რადგან სიახლეს ახალი პროფესიების საჭიროება მოჰყვება. სანდრო ბოლქვაძე აცხადებს, რომ ტექნოლოგიურ განვითარებას ცხოვრების დონის ზრდა მოჰყვება.
,,ჩემი აზრით რაც უფრო სწრაფად განვითარდება ტექნოლოგიები, მით უფრო ხელმისაწვდომი იქნება ნორმალური ცხოვრება, ანუ საშუალო დონეზე ცხოვრება. მე-20 საუკუნის დასაწყისში 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს ვართ 8 მილიარდი. ამხელა მასას ვერ გაუძლებდა ზოგადად ეკონომიკა სამყაროში, რომ არ იყოს ტექნოლოგიები. ჩემი აზრით, რომ გავჩერებულიყავით უფრო დიდი პრობლემა გვექნებოდა. ადამიანის ფაქტორი აუცილებლად ყოველთვის საჭირო იქნება. დღეს არ არსებობს ხელოვნური ინტელექტი და არც ვიცი, როდის შეიძლება გამოიგონონ, რომელიც ადამიანს გადაწყვეტილებების მიღებაში ტოტალურად ჩაანაცვლებს. ის უშუალოდ ადამიანის ქცევის სიმულაციას აკეთებს. დღეს არ არსებობს ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც შეუძლია AI-ს შექმნილ მასალაზე ახალი ცოდნის მიღება. ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ ადამიანის მიერ შექმნილ ცოდნაზე შეუძლია მიიღოს გამოცდილება. ზუსტად ეს არის ის ფაქტორი, რის გამოც ადამიანს ის ვერასდროს ჩაანაცვლებს.’’- აცხადებს სანდრო ბოლქვაძე.