„საჯარო და კერძო თანამშრომლობის არსი გულისხმობს, რომ სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, რომელი სფერო და მიმართულებაა მისთვის მნიშვნელოვანი და შემდგომში უკვე ფიქრობს, რომ ამ პროექტების განხორციელებისთვის გამოიყენოს არა საკუთარი რესურსი, არამედ მიმართოს ინვესტორს, რომელიც უფრო გამოცდილია, აქვს მეტი ფულადი რესურსი და დანერგავს ნოუჰაუს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ზოგავს სახსრებს, იღებს რაღაც სიახლეს კონკრეტულ სფეროში და დამატებითი რესურსი არ ეხარჯება მენეჯმენტზე“, - ამის შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარემ ნატალია მოწონელიძემ „რადიო“ კომერსანტის ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, საჯარო და კერძო პარტნიორობა სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის თანაბარუფლებიანობას და რისკების გადანაწილებას გულისხმობს, რომელიც რეგულირდება 2016 წელს შექმნილი „საჯარო და კერძო პარტნიორობის პოლიტიკის“ დოკუმენტით და 2018 წელს მიღებული „კანონით საჯარო და კერძო პარტნიორობის შესახებ“. 

იმისთვის, რომ აღნიშნული თანამშრომლობით განხორციელდეს პროექტი, 5 ფაზა უნდა იქნეს გავლილი: 1. პროექტის იდენტიფიცირება და ინიციირება. 2. მოსამზადებელი ეტაპი; 3. კონკურსის გამოცხადება. 4. ხელშეკრულების ძირითად პირობებზე შეთანხმება; 5. პროექტის განხორციელება და მონიტორინგი. 

როგორც ნატალია მოწონელიძემ განმარტა, კანონით განსაზღვრულია გამონაკლისი, როდესაც პროექტის იდენტიფიცირება და ინიციირება კერძო სექტორს შეუძლია და ეს არის ენერგეტიკის სფერო.

„აღნიშნული გამონაკლისი მოქმედებს მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, 2019 წლიდან დღემდე სააგენტომ 102 პროექტი განიხილა, რომელთა დიდი ნაწილი ენერგეტიკის სფეროშია და უმეტეს შემთხვევაში, ისინი კერძო ინვესტორების მიერაა შემოთავაზებული“, - აღნიშნა ნატალია მოწონელიძემ.

მისივე თქმით, კონკურსის ეტაპზე კომპანიის შერჩევას შესარჩევი კომისია ახორციელებს, გამარჯვებულ კომპანიასთან კი დგება თანამშრომლობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობების შედგენისას დაცულია მხარეთა თანაბრობის პრინციპი, რადგან ორივე მხარეს აქვს მიზნები და პასუხისმგებლობები. საბოლოო ჯამში, საჯარო და კერძო პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების შედგენაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს მთავრობა, რომელიც პროცესში პირველივე ეტაპიდანაა ჩართული და პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასაც ის განსაზღვრავს. 

„როდესაც სახელმწიფო შედის აღნიშნული ტიპის თანამშრომლობაში, მან შესაძლოა გარკვეული გარანტები მისცეს ინვესტორს. ეს შესაძლოა იყოს მაგალითად ის, რომ მას ეყოლება მომხმარებელი. ენერგეტიკის სფეროში იყო მაგალითად გარანტირებული შესყიდვის პირობა, რომ ვთქვათ, 10 წლის განმავლობაში, დადგენილი ტარიფით შეიძენს გენერირებულ ენერგიას. ასევე სახელმწიფოს შეუძლია დაჰპირდეს კერძო სექტორს, რომ მიანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას რაღაცის წარმოებაზე და ა.შ.“, -  განაცხადა ნატალია მოწონელიძემ.

მისივე თქმით, გამონაკლისის სახით, ენერგეტიკის სფეროში შესაძლებელია, რომ სახელმწიფომ პირდაპირი მოლაპარაკება აწარმოოს ინვესტორთან, რა დროსაც პროცესში აღარ ერთვება შესარჩევი კომისია. 

საჯარო და კერძო თანამშრომლობაში პროექტის განხორციელებისთვის უმეტეს თანხას, ძირითადად ინვესტორი ხარჯავს, თუმცა, შესაძლოა საჭირო იყოს სახელმწიფოს მხრიდან თანხების გაღება, ეს შეთანხმების საკითხია.

„იმისთვის, რომ პროექტი PPP-ის გზით განხორციელდეს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს მინიმუმ 5-წლიანი, მისი ღირებულება უნდა იწყებოდეს 5 მლნ ლარიდან, მხარეთა შორის რისკები უნდა იყოს გადანაწილებული, უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ფინანსური შენატანის დიდი ნაწილი უნდა იყოს კერძო პარტნიორის მხრიდან“, - აღნიშნა ნატალია მოწონელიძემ. 

მისი თქმით, PPP-ის თვალსაზრისით, ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა დიდი ბრიტანეთია, სადაც აღნიშნული პრაქტიკის დანერგვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაიწყო, დღეს კი ძალიან დიდი ნაწილი მუნიციპალურ პროექტებზე მოდის.

საქართველოში კი მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის თანამშრომლობისთვის პროექტის იდენტიფიცირება-ინიციირების უფლება მუნიციპალიტეტებსაც აქვთ, თუმცა ამისთვის მათ გამოცდილების გაზიარება სჭირდებათ. 

ნატალია მოწონელიძემ გადაცემაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში განხილული პროექტების სტატისტიკაზეც ისაუბრა, რომელიც მიხედვითაც 57 პროექტი ამ დროისთვის 1-ელ ეტაპზეა, 41 პროექტი მე-3 ეტაპს გადის 2 პროექტი დასკვნით ეტაპს გადის.