თბილისის სატელევიზიო ანძაზე ახალი ტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტს KAA Group ახორციელებს, რომელიც ვიზიტორებისთვის 70 მეტრის სიმაღლეზე პანორამული გადმოსახედისა და რესტორნის მოწყობას გეგმავს.

პროექტი ითვალისწინებს ანძის ინფრასტრუქტურის ტურისტულ დანიშნულებაზე ადაპტაციას, რის შედეგადაც მთაწმინდაზე კიდევ ერთი ახალი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება. ინვესტიციის მოცულობა, თბილისის მერიის ინფორმაციით, არანაკლებ 4 მილიონი დოლარია.

თბილისის მერიამ პროექტი გასულ წელს დააანონსა. მერიის ინფორმაციით, სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია, ხოლო პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომპანია KAA Group-ია, რომელმაც მანამდე წალკის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურა განავითარა.

პროექტის დასრულება 2028 წლის მარტისთვის არის დაგეგმილი. ობიექტის ოპერირებას ინვესტორი 25 წლის განმავლობაში განახორციელებს, რის შემდეგაც მოწყობილი ინფრასტრუქტურა უსასყიდლოდ გადაეცემა შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“.