სერვისისა და მომსახურების მიღებაზე მოთხოვნა, სარესტორნო ბიზნესში ნელ-ნელა პირვანდელ სახეს უბრუნდება, თუმცა ეს დაგეგმილი ტემპით არ ხდება, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სტუმარმასპინძლობის სფეროს მთავარი გამოწვევა - გაურკვევლობა და დაგეგმარების არარსებობა კვლავ აქტიურია, რაც ერთი მხრივ სერვისის ხარისხს აფუჭებს, ხოლო მეორე მხრივ, დასაქმებულ კადრებს უქმნის პრობლემებს.
„დღეს სარესტორნო სფერო ტურიზმის ნაწილად განიხილება და ჩვენ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არ ვართ დამოკიდებული. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, იქნებიან თუ არა ზფხულში ტურისტები. შემიძლია ვთქვა, რომ ამის მთავარი მიზეზი დაგეგმარების არარსებობაა. განვითარების პერსპექტივა ზუსტად ისაა, როცა ბიზნესი მზად ხვდება მოლოდინებს. როცა ვერ ხვდები - სხვა მიმართულებების ძებნა გიწევს და ხშირად არასწორ მხარეს მიდიხარ. ამის კარგი მაგალითია, წლევანდელი ბაკურიანის შემთხვევა, როცა სექტორი ტურისტების ჭარბი ნაკადისთვის მზად არ იყო და პრობლემები შეიქმნა, ისმოდა არაერთი ჩივილი - „საჭმელს ნორმალურად ვერ შეჭამ“ და სხვა.
ასევე, დაგეგმვა და ტურისტების რაოდენობის გათვლა მნიშვნელოვანია კადრების მხრივაც. თუ მოთხოვნა და დასაქმებული კადრების რაოდენობა არ არის შეთანხმებული, უკვე სამსახური იკარგება. ამიტომაა, რომ სიტუაცია შეიცვალა და ახლა დაუსაქმებელი კადრი ბევრია და ჩვენს სფეროში სამსახურს პირიქით, კადრები ეძებენ. თუ ეს ვითარება არ შეიცვალა და გამოსწორდა, სულ მსჯელობის ეტაპზე ვიქნებით და არასტაბილურ მდგომარეობაში ბიზნესის წარმოება ურთულესია.
რესტორნებში მოთხოვნა იმ რაოდენობის არ იყო, რისი მიწოდების საშუალებაც სექტორს ჰქონდა. დღესდღებით, ეს ვითარება პირვანდელ სახეს უბრუნდება, თუმცა არა იმ ინტენსივობით, რაც დაგეგმილი იყო“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.