“თამბაქოს პანდემია”, როგორც მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) უწოდებს, ჯანდაცვის სისტემების მთავარ გამოწვევად სახელდება. დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და ჯანმოს ვარაუდით, მათი რაოდენობა 2025 წლამდე უცვლელი დარჩება. თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად კი ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება. მწეველთა მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება საქართველოშიც, სადაც ყოველწლიურად მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით 11 400 ადამიანი იღუპება.
დღეს მსოფლიო ბაზარზე, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, თამბაქოს ზიანის შემცირების მიზნით, ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები ჩნდება. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უწყების 2022 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ნიკოტინის მიწოდების ალტერნატიულმა მოწყობილობებმა, შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ სიგარეტის მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის უზარმაზარი ტვირთის შემცირებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იზიარებს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების პოზიციებს, უფრო მეტიც, ორგანიზაცია ქვეყნების მთავრობებს აქტიურად მოუწოდებს თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებზე ტრადიციული სიგარეტის მსგავსი ამკრძალავი ნორმების დაწესებისკენ.
ასობით ათასი მწეველის სიცოცხლის გადასარჩენად კი ჯანდაცვის ორგანიზაციათა ნაწილი ჯანმოს პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს.
ბრიტანულ ჟურნალ Express-ში დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების, ენდრიუ ლებერისა და მერი გლინდონის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მოხმარებასთან დაკავშირებული შედეგები დიდი ბრიტანეთის საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. მეცნიერული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები შესაძლებლობას აძლევს მწეველს, შეამციროს მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.
როგორც დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრი ნილ ო’ბრაიენი აღნიშნავს, მთავრობის ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის შექმნას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი.
“იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის განხორციელება, ჩვენ უნდა დავიცვათ დიდი ბრიტანეთი იმ ზიანის მომტანი კურსისგან, რომლის იმპლემენტაციასაც სხვადასხვა ორგანიზაციები აქტიურად ცდილობენ”, - აღნიშნავენ პარლამენტარები ენდრიუ ლებერი და მერი გლინდონი.
2023 წლის ნოემბერში პანამაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) - COP10 მეათე კონფერენციას გამართავს, რომელიც მრავალ შეკითხვას აჩენს. პარლამენტარების განცხადებით, COP26-ის კონფერენციისგან განსხვავებით, რომელიც კლიმატური ცვლილებების აღმოფხვრისკენ იყო მიმართული და მისი წამყვანი დიდი ბრიტანეთი იყო, COP10-ის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება დახურულ კარს მიღმა მოხდება, პრესისა და საზოგადოების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს ჩარჩო-კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორი თავად დიდი ბრიტანეთია, ისინი ვერ ახდენენ ზეგავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ვერ ახდენს იმ კურსის ლობირებას, რომელსაც აქვს პოტენციალია, გადაარჩინოს მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრები 1 მილიარდი მწეველის სიცოცხლე.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის წრეებში ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ მრავალი სამეცნიერო მტკიცებულების მიუხედავად, ჯანმო ღიად და აქტიურად უპირისპირდება ნიკოტინის შემცველ თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებს”, - განმარტავენ ენდრიუ ლებერი და მერი გლინდონი.
“ჩვენ ვიცით, რომ თამბაქოს ზიანის შემცირების პროდუქტები ეფექტურია და ამიტომ, აქტიურად გავაგრძელებთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წრეებში მათ ლობირებას. არც ერთი ჩვენგანი არ არის მწეველი და არც ვეიფის მომხმარებელი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის იდეალური იქნებოდა, თუ მწეველები დაანებებდნენ თავს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას. თუმცა, რეალობა სხვანაირია - დღეს დიდ ბრიტანეთში 6.6 “მივიწყებული” მწეველი ცხოვრობს, რომელთათვისაც ვეიფინგი არ წარმოადგენს მოწევისთვის თავის დანებების საშუალებას”, - ამბობენ ენდრიუ ლებერი და მერი გლინდონი.
სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს ისეთი ინიციატივების შემუშავებაზე, რომელიც “მივიწყებულ” მწეველებს მისცემს შესაძლებლობას, შეამცირონ მათი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი და ხელს შეუწყობს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის განხორციელებას.
პარლამენტარების განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაცია 2018 წელს აცხადებდა, რომ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები ტრადიციულ მოწევასთან შედარებით მნიშვნელოვნად ამცირებს მწეველისთვის მიყენებულ ზიანს და მოუწოდებდა მთავრობას კიდევ უფრო მეტი გრძელვადიანი კვლევების ჩატარებისკენ, რომელიც კიდევ უფრო მეტ კითხვაზე გასცემდა პასუხს და ხელს შეუწყობდა მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
“დიდი ბრიტანეთი აღიარებს ვეიფინგის შედეგებს. ახლა საჭიროა, რომ გადავხედოთ Public Health England-ის 2018 წლის გეგმას, რომელიც გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად, რათა შევძლოთ, გადავარჩინოთ “მივიწყებული 6.6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე”, - აცხადებენ პარლამენტარები.
აღნიშნული ინიციატივის მიზანს, მსოფლიოში მცხოვრები მილიონობით მწეველი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა წარმოადგენს. ამიტომ, პარლამენტარები მოუწოდებენ ჯანმოს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებლად გაითვალისწინონ “მივიწყებული” მწეველების ხმა და ერთობლივი ძალებით იმუშაონ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნაზე.