ყველა ქვეყანა, სადაც ხდება პოლიტიკური არეულობა და ამ დროს არ ზარალდება ბიზნესი, არის ძლიერ ინსტიტუციებზე დამოკიდებული, რომლებიც მსგავსი ტიპის არეულობის დროს ფარის ფუნქციას ითავსებს, - ამის შესახებ BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ინსტიტუტებია: მართლმსაჯულება, ინვესტორის დაცვა, სასამართლო და ა.შ.

„არსებობს ორი მოდელი: როდესაც სტაბილურობა პიროვნებაზეა დამოკიდებული და მეორე, როდესაც სტაბილურობა ინსტიტუტებზეა დამოკიდებული. ჩვენი პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არც წინა ხელისუფლებამ და არც ამჟამინდელმა, არ იზრუნა, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები ყოფილიყო ქვეყანაში და ყველა დაუქვემდებარა პოლიტიკური პარტიის ნებას და ვიწრო ჯგუფის ან ერთი ადამიანის გადაწყვეტილებას. ამიტომ ბიზნესი იძულებულია, კონკრეტული ჯგუფის ან ადამიანის გადაწყვეტილებებს დაექვემდებაროს და სწორედ ამიტომ არის ტურბულენტობა ქვეყანაში.

ბიზნესის „დანაშაული“ არის ის, რომ აქტიური პოზიცია არ უკავია ამ თემებთან დაკავშირებით. როდესაც ვამბობთ, რომ ევროკავშირში გვინდა, სწორედ ევროკავშირია ერთ-ერთი მთავარი გარანტი, რომ მსგავსი კრიზისების დროს ძლიერი ინსტიტუტები დაიცავენ ბიზნესის ინტერესებს და ეს ქვეყნის კეთილდღეობაზე ძალიან კარგად აისახება,“ - აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას ბიზნესსსექტორის 50-მდე წარმომადგენელი დღეს "ბიუზნესმედიის" პირდაპირ ეთერში მსჯელობდა კრიზისიდან გამოსავალზე. მრავალ მოსაზრებათანაგ, როგორიცაა გადასახადების არგადახდა, დაუმორჩილებლობა, მუშაობის შეჩერება და სხვა, კრიზისიდან გამოსავლის ერთ-ერთ გზად დასახელდა ბიზნესის ერთიანობა, პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება და აქციებზე მოსახლეობის გვერდით დგომა. ამას ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესი აკეთებს, თუმცა, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები დუმან. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, შეფასებით, ის ბიზნესმენები, საქმიანი წრის წარმომადგენლები, მთლიანი შიდა პროდუქტის, ქვეყნის დოვლათის, შექმნელები, დამსაქმებლები, რომლებიც დღეს  ღიად გმობენ "ოცნების" შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ კურსს,  არიან დაბულინგებულები, ანაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ.

წყარო: bpn.ge