„იანდექსი“, უკვე ფორმალურადაც, ისევ რუსული კომპანიაა. როგორც ცნობილი ხდება, სანქციების თავის არიდების მიზნით ნიდერლანდების ოფშორებში გადარეგისტრირებული და ამით, ფაქტობრივად, ცრუმაგიერად ქცეული რუსული პლატფორმული ბიზნესი, რომელიც ამ ეტაპზე, საქართველოში ძირითადად მგზავრთა გადაყვანის სერვისით არის დაკავებული, უკანვე „გადმოიყიდა“ და გაფართოების სერიოზული გეგმები აქვს ახლო სამეზობლოში.
ბუნებრივია, „იანდექსის“ გაფართოების პოლიტიკის არეალში რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოც ხვდება...
ახალი ამბავი არ არის ის, რომ საერთაშორისო პოლიტიკური და ბიზნეს წრეები წლებია ღიად საუბრობენ „იანდექსის“ რუსულ სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირზე და პრაქტიკულად განიხილავენ მას, როგორც სპეცსამსახურებისთვის იოლად ხელმისაწვდომ პირად მონაცემთა უნიკალურ ბაზას, სადაც ონლაინ რეჟიმში ახლდება ათეულობით მილიონი პირადი მონაცემის შემცველი ინფორმაცია.
მაგალითად, ბრიტანული გამოცემა Guardian-ი წერს, რომ „კომპანიამ კორპორატიული რესტრუქტურიზაციის პროცესში რუსეთის მთავრობის ზედამხედველობა მაქსიმალურად გაზარდა“, რამაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრების მხრიდან პროტესტი გამოიწვია. მათ მოითხოვეს ქვეყანაში „იანდექსის“ ოპერირების აკრძალვა. მოტივი კი სწორედ მომხმარებლების პირადის ინფორმაციის გაჟონვის შესაძლებლობები გახდა, რუსული სპცესამსახურების სასარგებლოდ.
იმავე Guardian-ში ვკითხულობთ, რომ Google-ის და Apple-ის მარკეტებიდან „იანდექსის“ აპლიკაციის ამოღება მოითხოვა ლიეტუვის მთავრობამაც, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ის „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“.
ზოგადად, საერთაშორისო მედიაში უამრავი პუბლიკაციაა „იანდექსის“ შესახებ და მათ უმრავლესობაში, მნიშვნელოვანი აქცენტები სწორედ იმ საფრთხეებზე კეთდება, რასაც მომხარებლის პირადი მონაცემების დაუცველობა წარმოადგენს.
„იანდექსი“ საქართველოში წარმატებით და უშფოთველად ოპერირებს და არც არავის მოსდის აზრად, რომ სულ მცირე, მოსახლეობა იმის შესახებ მაინც უნდა გაფრთხილდეს, რომ „იანდექსთან“ თანამშრომლობით და მისი სერვისებით სარგებლობისას, კონკრეტული ადამიანების პირადი მონაცემები, მათ შორის, როცა საუბარი მგზავრთა გადაყვანაზეა, - შესრულებული მარშრუტების ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვა დეტალები, დიდი ალბათობით, პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების ბაზებში აღირიცხება...
და ახლა უკვე Яндекс Еда - კვების მიწოდების სერვისი. შესაბამისად, თუკი აქამდე რუსული სპეცსამსახურები კაბინეტიდან გაუსვლელად იგებდნენ იმას, თუ სად გადავაადგილდებოდით, ახლა ეცოდინებათ ისიც, თუ რითი ვიკვებებით საუზმედ, სადილად თუ ვახშმად...
რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს, პრევენციული ინტერესებიდან გამომდინარე, ბიზნესისთვის რაიმე შემზღუდველი/ამკრძალავი ნორმების დაწესებას, იმაზე მაინც ღირს დაფიქრება, რომ „იანდექსის“ სერვისებით სარგებლობის თანამდევი ნეგატიური ეფექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების/გაფრთხილების კამპანია უნდა დაიგეგმოს და როგორც ხელისუფლების, ისე მედიის და მესამე სექტორის აქტიური მონაწილეობით, პერმანენტულად უნდა წარიმართოს კიდეც. მაშინ, მომხმარებელიც და „იანდექსის“ აპლიკაციაში ჩართული ტაქსის ყველა კონკრეტული მძღოლი იმას მაინც შეძლებს, რომ საკუთარი სინდისის წინაშე გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, ისარგებლოს თუ არა რუსულ სპეცსამსახურებთან დასავლური წრეების მიერ მჭიდრო კავშირში ბრალდებული „იანდექსის“ სერვისებით.
სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ პრაქტიკულად, „ღია კარის დღეა“ გამოცხადებული და საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები, და მალე კვების რაციონიც კი, განახლებად რეჟიმში, უწყვეტ ელექტრონულ ნაკადად მიედინება ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების ბაზებში...