გურიის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

GITA-ს ინფორმაციით, გამარჯვებული პროექტებია:

  • ფრირაიდ ტურების აპლიკაცია - პროექტის მიზანია ზამთრის ექსტრემალური სპორტის სახეობებისა და ფრირაიდ ტურიზმის ცენტრის განვითარება ინოვაციური ციფრული პლატფორმის საშუალებით
  • პარფიუმერიის საწარმო - პროექტის მიზანია ინოვაციური, მცირე მასშტაბიანი პარფიუმერიის საწარმოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული პარფიუმერიის ინდუსტრიის განვითარებას და ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

GITA-ს განმარტებით, რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს აღნიშნული პროგრამა განხორციელდა საქართველოს 11 რეგიონში და გამოვლინდა 42 გამარჯვებული პროექტი.

"საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში",- აღნიშნავენ GITA-ში.