თბილისის გოგირდის აბანოები არა მარტო თბილისის, არამედ ქვეყნის მთავარი ლენდმარკია. რამდენიმე მათგანი, მათ შორის - ჭრელი აბანო, აბანო#5, მეფე ერეკლეს გოგირდის აბანო და გულოს აბანო, დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს და ადგილობრივებისა და ტურისტების საყვარელი ადგილია.

ერთ-ერთი ძველი გოგირდის აბანოს „გულოს აბანოს“ მეპატრონე გულო ნიაზოვი „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, ფასები არ გაუზრდიათ, მაგრამ წელს მოთხოვნამ იკლო და დაბალი სეზონია.

„გულოს აბანო“ მე-17 საუკუნის აბანოა. მე 32 წელია ვმუშაობ და აბანო ჩემი სახელობისაა. 8 ნომერი გვაქვს. ფასები 120 ლარიდან იწყება 300 ლარამდე ადის, რაც იმაზეა დამოკიდებულია რამდენ კაცზეა გათვლილი ნომერი, გვაქვს  - 3, 5, 10-12-კაციანი ნომრები.

აბანოთუბანში სხვა ცნობილი აბანოებისგან განსხვავებით, ჩვენ უფრო დაბალი ფასები გვაქვს, სხვაგან ნომრის ფასი 500 ლარამდეცაა. ჩვენ წელის ფასები არ გაგვიზრდია, მაგრამ შარშანდელთან შედარებით დაბალი სეზონია“, - ამბობს გულო ნიაზოვი ჩვენთან საუბრისას.

მისი თქმით, „გულოს აბანოში“ 90% ადგილობრივები მოდიან, მაგრამ მოიმატა ტურისტების რიცხვმაც, განსაკუთრებით ჩინეთიდან.

„უმრავლესობა, 90% ადგილობრივი ხალხია. ბევრია ტურისტი და ხშირად უწევენ ჩემს აბანოს რეკომენდაციას. გვყავს სტუმრები გერმანიიდან, პოლონეთიდან, ინგლისიდან. რუსები წელს ნაკლებად იყვნენ. ჩინეთიდან ძალიან ბევრი მოდის“, - აცხადებს გულო ნიაზოვი.

ჩაისთან ერთად „გულო აბანოში“ სტუმრებს ცნობილ გულოს მურაბებსაც სთავაზობენ, რომელიც, ჩაისგან განსხვავებით, ნომრის ღირებულებაში არ შედის და 10 ლარი ღირს. ამას გარდა, სურვილის შემთხვევაში ცალკე იხდით მექისეს მომსახურებას - 10 ლარს.

გულო ნიაზოვმა ისიც გვითხრა, რომ „გულოს აბანოს“ 2 ნომერს რემონტი უკეთდება, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება, რის შემდეგაც სტუმრებს განახლებულ დარბაზებში მიიღებენ.