ორგანიზაცია FINSPOT-ი მულტიპროფილური ჰოსპიტალური ბიზნესის ფინანსურ მაჩვენებლებს გაეცნო 6 კლინიკისა და საავადმყოფოს მაგალითზე:
შპს “ავერსის კლინიკა” (Aversi Clinic)
შპს “აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი” (Todua Clinic)
შპს “ნიუ ჰოსპიტალს” (New Hospitals)
შპს “ინოვა” (Innova)
შპს “მედი ქლაბ ჯორჯია” (MediClubGeorgia)
შპს “ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა” (Alexander Aladashvili Clinic)
FINSPOT-ის მიერ განხილული კომპანიები წარმოადგენენ მულტიპროფილურ კლინიკებს, რომლებიც ერთ სტრუქტურაში აერთიანებენ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას. ანალიზის ფარგლებში კომპანიები დაყოფილია ორ ჯგუფად: მსხვილი და საშუალო ზომის კლინიკები.
ანალიზისთვის შერჩეული კომპანიები მასშტაბით განსხვავდებიან ერთმანეთისგან: თუ მსხვილი მოთამაშეების (“ავერსი“, “თოდუა“, “ნიუ ჰოსპიტალს“) წლიური ბრუნვა ₾90-₾115 მილიონის ფარგლებშია, საშუალო ზომის კლინიკების მაჩვენებლები სამჯერ ნაკლებია და ₾15-₾35 მილიონის ფარგლებში მერყეობს.
FINSPOT-ი განმარტავს, რომ 2019-2024 წლებში მსხვილი კლინიკების შემოსავლები პრაქტიკულად გაორმაგდა, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურული გაფართოების შედეგია. შედარებისთვის, მასშტაბური კაპიტალური პროექტების არარსებობის პირობებში, საშუალო ზომის კლინიკების შემოსავლები მცირედით გაიზარდა ან შემცირდა. ეს ტენდენცია ნათლად აჩვენებს, რომ კაპიტალური ინვესტიციების (Capex) მოცულობა პირდაპირ კორელაციაშია შემოსავლების ზრდის ტემპთან.
„განხილული კლინიკების უმეტესობისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შემოსავლების 40%-ზე ნაკლებს, რიგ შემთხვევებში კი უმნიშვნელო ნაწილს შეადგენს. გამონაკლისია “ალადაშვილის კლინიკა“, რომლის ბრუნვის თითქმის 70% სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდის. სახელმწიფოზე მაღალი დამოკიდებულება უარყოფითად აისახება ფულადი ნაკადების ციკლზე: თუ თვითდინებით მოსული პაციენტებისგან თანხის მიღება ოპერატიულად ხდება, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას საშუალოდ ოთხი თვე სჭირდება.
განხილულ კომპანიებს შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანია “ავერსის კლინიკა“. 20-ზე მეტი ფილიალის მქონე სამედიცინო ქსელის ბრუნვამ 2024 წელს ₾114 მილიონი შეადგინა.
სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოში კლინიკების მომგებიანობის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. 2024 წელს, განხილული ექვსი კომპანიის საოპერაციო და EBITDA მარჟებმა საშუალო შეწონილით 19% და 27% შეადგინა, შესაბამისად. დაბალი და ხშირ შემთხვევაში მინიმალური ლევერიჯის ფონზე, მაღალია წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საშუალოდ 18%-ს უტოლდება.
წარმოდგენილი კლინიკების საოპერაციო ხარჯებში ყველაზე დიდი წილი სახელფასო დანახარჯებზე მოდის, რაც სექტორისთვის სტრუქტურულად დამახასიათებელია. მიუხედავად იმისა, რომ სახელფასო ხარჯები აბსოლუტურ მოცულობაში კლინიკების ზომისა და მასშტაბის მიხედვით განსხვავდება, შემოსავლებთან მიმართებაში ძირითადად 40%-55%-ის ფარგლებში მერყეობს.
დივიდენდების კუთხით, განხილული ექვსი კომპანიიდან მოგების განაწილება მხოლოდ ერთმა არ განახორციელა. დანარჩენი ხუთი კლინიკის მიერ გაცემული დივიდენდები ₾1.5-₾30 მილიონის ფარგლებში იყო 2019-24 წლებში, რაც სექტორის მაღალ მომგებიანობასა და დაბალ ლევერიჯზე მიუთითებს (დეტალები იხილეთ “დივიდენდების” სექციაში)“, - წერია მიმოხილვაში.
FINSPOT-ის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს “ავერსის კლინიკის” შემოსავალმა ₾114 მილიონი შეადგინა, “თოდუას კლინიკის” — ₾102 მილიონი, ხოლო “ნიუ ჰოსპიტალსის” — ₾92 მილიონი. ამავე პერიოდში, წარმოდგენილი საშუალო ზომის კლინიკების შემოსავლები ₾15-₾35 მილიონის ფარგლებში მერყეობდა.
მსხვილი კლინიკების შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მიღებული შემოსავალი, საშუალოდ, მთლიანი ბრუნვის 20%-40%-ს შეადგენს. “ინოვასა” და “მედიქლაბჯორჯიას” შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი მინიმალურია, ხოლო “ალადაშვილის კლინიკა” გამონაკლისს წარმოადგენს — მის ბრუნვაში სახელმწიფო დაფინანსებას დომინანტური წილი, თითქმის 70% უჭირავს.
„სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. საოპერაციო მოგების მარჟა საშუალო შეწონილით 19%-ს შეადგენს, EBITDA მარჟა 27%-ს, წმინდა მოგების მარჟა კი 18%-ს.
განხილულ კლინიკებს შორის მომგებიანობის კუთხით ლიდერი “თოდუას კლინიკაა“. 2024 წელს დაფიქსირებული 40%-იანი EBITDA მარჟა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტანდარტებით, გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელია. ეს შედეგი საოპერაციო ხარჯების ოპტიმალური მართვის დამსახურებაა: კონკურენტებთან შედარებით, კლინიკას შემოსავლების პროპორციულად ყველაზე დაბალი სახელფასო (41%) და სამედიცინო მარაგების (8%) ხარჯები აქვს. აღსანიშნავია, რომ ეს მაღალი მარჟა არ არის ერთჯერადი ხასიათის და კლინიკა მას ბოლო წლებია სტაბილურად ინარჩუნებს.
განხილულ სუბიექტებს შორის ყველაზე დაბალი მარჟები “ალადაშვილის კლინიკას” აქვს. დაბალი მომგებიანობა განპირობებულია როგორც მაღალი საოპერაციო ხარჯებით (შემოსავლების 97%), ისე სექტორში ყველაზე მაღალი ლევერიჯით (კომპანიის სასესხო ვალდებულებები აქტივების 47%-ს შეადგენს).
მომგებიანობის თვალსაზრისით გამორჩეულია “მედიქლაბჯორჯიაც“, რომელიც მინიმალური კაპიტალური ინვესტიციების მიუხედავად (ბოლო 7 წელში შემოსავლების საშუალოდ 6%-ზე ნაკლები), სტაბილურად ინარჩუნებს დაახლოებით 25%-იან EBITDA მარჟასა და 15%-იან წმინდა მოგების მარჟას. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ეფექტიანი მართვით (ROIC: 46%) “მედიქლაბჯორჯია” ლიდერია განხილულ კომპანიებს შორის.
მაღალი საოპერაციო მოგების და, უმეტესწილად, დაბალი ლევერიჯის ფონზე, კლინიკების უმეტესობა დივიდენდების გაცემას ახორციელებს. ქვემოთ წარმოდგენილია 2019-2024 წლებში კომპანიების მიერ განაწილებული ჯამური დივიდენდების მოცულობა:
ავერსის კლინიკა: ₾29.3 მილიონი
თოდუას კლინიკა: ₾15.0 მილიონი
ნიუ ჰოსპიტალს: დივიდენდი არ გაუცია (კომპანია თავისუფალ ფულად ნაკადებს ძირითადად ბიზნესის შემდგომ გაფართოებასა და რეინვესტირებაზე მიმართავს.)
ინოვა: ₾7.2 მილიონი (კომპანია კონსოლიდირებულად აღრიცხავს შპს “ინოვა ინვიტროს“, რომლის მიერ გაცემული დივიდენდები ელიმინირდება მშობელი კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში. რეპროდუქციული კლინიკების ცალკე ანალიზში აღნიშნული დივიდენდები დეტალურად იქნება განხილული.)
მედიქლაბჯორჯია: ₾24.8 მილიონი
ალადაშვილის კლინიკა: ₾1.6 მილიონი (აქედან ₾2.6 მილიონი განაწილდა მფლობელებზე, ხოლო ₾1.0 მილიონი 2023 წელს მფლობელების მიერ კაპიტალში იქნა შეტანილი. აღსანიშნავია, რომ კომპანიას აღნიშნულ პერიოდში არ გააჩნდა საკმარისი თავისუფალი ფულადი ნაკადები დივიდენდების გასაცემად და დივიდენდების ნაწილი ფაქტობრივად სესხის საშუალებით დაფინანსდა.)“, - წერია მიმოხილვაში.
შემოსავლების დინამიკა
კომპანიების მფლობელები:
შპს "ავერსის კლინიკა" (Aversi Clinic)
კომპანიის მფლობელი:
- შპს "ავერსი-ფარმა": 100%*
*კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები: პაატა კურტანიძე (67%); ნიკოლოზ კურტანიძე (33%)
შპს "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი" (Todua Clinic)
კომპანიის მფლობელი:
- გიორგი დიასამიძე: 100%
შპს "ნიუ ჰოსპიტალს" (New Hospitals)
კომპანიის მფლობელი:
- შპს "პსპ ფარმა": 100%*
*კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები: კახაბერ ოქრიაშვილი (95%); თენგიზ ჯამელაშვილი (5%)
შპს "ინოვა" (Innova)
კომპანიის მფლობელები:
- გიორგი ყიფიანი: 13.5%*
- ივანე მარტიაშვილი: 13.5%*
- მიხეილ გუგბერიძე: 13.5%*
- დავით ფანჯაკიძე: 13.5%*
- გოჩა ჩუტკერაშვილი: 9%
- ირაკლი ჭელიშვილი: 9%
- რამაზ აღლემაშვილი: 9%
- ირაკლი თოდუა: 9%
- დავით დოთიაშვილი: 5%
- ზურაბ ნარიმანიძე: 5%
*საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები შპს "ვივო მედიქალ გრუპის" გავლით.
შპს "მედი ქლაბ ჯორჯია" (MediClubGeorgia)
კომპანიის მფლობელები:
- დიმიტრი მახათაძე: 50%
- საბირ ადნაევი (აზერბაიჯანი): 50%
შპს "ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა" (Alexander Aladashvili Clinic)
კომპანიის მფლობელები:
- დიმიტრი ნიშნიანიძე: 71%*
- თამაზ ჩხიკვაძე: 15%
- ქეთევან ბეთანელი: 9%
- თეიმურაზ ხუროძე: 5%
*საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი შპს "მეიდანზე" გავლით.