ჯანსაღი ცხოვრების მიმართ ინტერესი მზარდია. სულ უფრო მეტი ადამიანები ცდილობს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ვარჯიში და სწორი კვება ყოველდღიური ცხოვრების წესად აქციოს. ბაზარზე უამრავ ტრენერს და კვების სპეციალისტს აღმოაჩენთ, რომლებიც მრავალ რჩევა-დარიგებას მოგცემთ. ბევრიც უმოკლეს დროში სასურველი შედეგის დადებას დაგპირდებათ. კვებისა და ვარჯიშის შესახებ მრავალფეროვან ინფორმაციას აღმოაჩენთ ინტერნეტ სივრცეშიც. დაინტერესებული პირისთვის დღეს მთავარ პრობლემად არა ინფორმაციის ნაკლებობა, არამედ მისი მრავალფეროვნება და სიზუსტეა. რამდენად სანდოა ტრენერებისა და კვების სპეციალისტების კვალიფიკაცია და მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები? საკითხზე „კომერსანტი“ Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელს თორნიკე ენუქიძეს ესაუბრა. ნუტრიციოლოგი ამბობს, რომ ბაზარზე “დიეტური” რეკომენდაციები ხშირად არ არის მორგებული კონკრეტული ადამიანის საჭიროებებზე და ზოგიერთმა პოპულარულმა მიდგომამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანს.
,,დღეს პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობა კი არა, სწორ და გადამოწმებულ ცოდნაზე წვდომაა. უამრავი ბლოგი, ვებსაიტი თუ ცნობადი სახე ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო მესიჯებს ავრცელებს, რაც კიდევ უფრო ართულებს ადამიანისთვის სწორი მიმართულების პოვნას.’’- აცხადებს თორნიკე ენუქიძე.
რესპონდენტს ვკითხეთ, როგორ შეაფასებდა ტრენერების კვალიფიკაციასა და ცოდნას. თორნიკე ენუქიძე აცხადებს, რომ სფერო მუდმივად ვითარდება და ერთხელ მიღებული სერტიფიკატი ტრენერის მაღალ კვალიფიკაციას არ განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, საჭიროა მუდმივი განვითარება და სწავლა. ,,Nutrition Academy of Georgia’’-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ საჭირო სტანდარტების ამაღლება, პროფესიული ეთიკის დაცვა და ისეთი სივრცეების შექმნა, სადაც სპეციალისტები განახლებულ, სანდო და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას მიიღებენ.
,,ერთი რამ მნიშვნელოვანია ყველამ გავაცნობიეროთ, ცოდნა მუდმივად განახლებადია, განსაკუთრებით ისეთ სფეროში, როგორიცაა კვება და ჯანმრთელობა. რაც 10 წლის წინ ვალიდურად ან პრაქტიკაზე დაფუძნებულად ითვლებოდა, დღეს შეიძლება მოძველებული ან ნაწილობრივ შეცვლილი იყოს. ამიტომ კვალიფიკაციის შენარჩუნება არ ნიშნავს ერთხელ მიღებულ სერტიფიკატს. ეს არის მუდმივი სწავლა, კითხვაზე ორიენტირებულობა და მზადყოფნა ცვლილებისთვის. ვფიქრობ, ამ ნაწილში თითოეულ პროფესიონალს თავად უნდა გადახედოს საკუთარ საქმიანობას. მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს, არის “არ ავნო” - ანუ პასუხისმგებლობა იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ვუზიარებთ სხვებს. სამწუხაროდ, ხანდახან ვაწყდებით ზედაპირულად მიცემულ რეკომენდაციებს ან კომერციულად შეფუთულ “მეცნიერულად დამტკიცებულ ფაქტებს”, რაც შეიძლება ადამიანისთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო სტანდარტების ამაღლება, პროფესიული ეთიკის დაცვა და სივრცეების შექმნა, სადაც სპეციალისტებს აქვთ წვდომა განახლებულ, სანდო და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნაზე და ამაში ჩვენც ვცდილობთ ჩვენი წვლილის შეტანას.’’- აცხადებს თორნიკე ენუქიძე.
სფერო დღეს არ რეგულირდება. არავინ ამოწმებს ტრენერების კვალიფიკაციას, ცოდნის დონესა და მათი რჩევების სანდოობას. რესპონდენტს ვკითხეთ, საჭიროა თუ არა რეგულაციების შემოღება და შესაბამისი სტანდარტების დაწესება? თორნიკე ენუქიძე აცხადებს, რომ რეგულაციების არარსებობა გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა მათ შემოღებამდე საჭიროა საგანმანათლებლო ბაზის გამართვა და ისეთი სივრცეების შექმნა, სადაც ადამიანები მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებენ.
,,რეგულაციის არარსებობა ერთის მხრივ გვაძლევს თავისუფლებას, მაგრამ მეორეს მხრივ ქმნის გარკვეულ რისკებს, როგორც პროფესიონალებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც მათთან მუშაობს. ევროპული და ამერიკული გამოცდილება ცხადად აჩვენებს, რომ ხარისხიანი განათლების და სერტიფიცირების სტანდარტები ხელს უწყობს არა მხოლოდ პროფესიული დონის ამაღლებას, არამედ საზოგადოების ნდობის ზრდას ამ სფეროს მიმართ. მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, სადაც კვების სპეციალისტის სერტიფიცირება მკაცრად რეგულირდება, როგორიცაა dietitian-ის ლიცენზია ამერიკაში ან რეგისტრირებული ნუტრიციოლოგის სისტემა დიდ ბრიტანეთში, მკაფიოდ განსაზღვრულია, ვინ, რა კომპეტენციით და პასუხისმგებლობით უნდა მუშაობდეს ადამიანებთან. შედეგად, იქ მცირდება თვითნებური და არაკვალიფიციური ჩარევების რისკი. თუმცა ვფიქრობ, რომ არ იქნება სამართლიანი რეგულაციებზე ფიქრი მაშინ, როცა ქვეყანაში ჯერ არ გვაქვს შესაბამისი განათლების მიღების სისტემა. ჩვენ ჯერ მხოლოდ ვიწყებთ სივრცეების შექმნას, სადაც შესაძლებელია ამ სფეროში ხარისხიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის მიღება. შესაბამისად, პირველადი ნაბიჯი უნდა იყოს სწორედ ასეთი საგანმანათლებლო პლატფორმების გაძლიერება, რომ მომავალში რეგულაციებსაც ჰქონდეს რეალური საფუძველი და მხარდაჭერა. საბოლოოდ, რეგულაცია არ უნდა იყოს ბარიერი. ის უნდა იქცეს ინსტრუმენტად, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული სტანდარტების ამაღლებას. მანამდე კი, პასუხისმგებლობა და ეთიკა ინდივიდუალურად ჩვენზეა, თითოეულ სპეციალისტზე, ვისაც რეალურად სურს ადამიანებზე ზრუნვა და ცოდნის სწორად გამოყენება.’’- აცხადებს თორნიკე ენუქიძე.
საგანმანათლებლო მიმართულებით ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია. უამრავ კურსს აღმოაჩენთ, რომელიც სულ რამდენიმე თვეში ტრენერის ან კვების სპეციალისტის სერტიფიკატს მოგანიჭებთ. თუმცა არავინ აკონტროლებს მიღებული განათლების ხარისხსა. რამდენად კვალიფიციურია კადრი, რომელიც ამ კურსებს გაივლის? ეს საკითხი მონიტორინგის მიღმაა. სწორედ ამიტომ, თორნიკე ენუქიძეს ვკითხეთ საჭიროა თუ არა რეგულაციები, სწავლების უფლების გაცემის მონიტორინგი და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება სასწავლო ორგანიზაციის მხრიდან?
,,ბაზარზე სასწავლო კურსების რაოდენობა რეალურად იზრდება, რაც ერთის მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ თემით ინტერესი მაღალია, რაც პოზიტიურია. თუმცა მეორე მხრივ, ეს ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხის ზრდას. როდესაც სასწავლო ორგანიზაციებს შეუძლიათ ადამიანებს შესთავაზონ კურსები მნიშვნელოვანი სტანდარტების და მეთოდოლოგიური კონტროლის გარეშე, იქ ჩნდება რისკი, რომ ცოდნა გახდეს ზედაპირული, არასწორად ინტერპრეტირებული ან ზოგ შემთხვევაში საზიანოც კი. ვფიქრობ, ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაცია და მინიმალური სტანდარტების შემოღება საჭიროა. ამას არ ვამბობ, როგორც შეზღუდვას ან თავისუფლების შემკვრელ მექანიზმს, არამედ როგორც პროფესიული უსაფრთხოების ერთ-ერთ საყრდენს. სასწავლო ორგანიზაციებმა უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული კრიტერიუმები. იყოს ეს სასწავლო გეგმის სტრუქტურა, პედაგოგიური კომპეტენცია, ან მინიმუმ მტკიცებულებებზე დაფუძნებულობის უზრუნველყოფა. მაგრამ ისევ და ისევ — ეს პროცესიც თანმიმდევრულად უნდა განვითარდეს. ჯერ უნდა არსებობდეს საგანმანათლებლო ეკოსისტემა, სადაც ასეთი სტანდარტების დანერგვას აზრი აქვს. ანუ, სანამ მოთხოვნით დავავალდებულებთ, მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ ხელმისაწვდომობა, როგორც ცოდნის, ისე პრაქტიკული განვითარების შესაძლებლობების. საბოლოოდ, როდესაც საქმე სწავლების უფლებას ეხება, მიგვაჩნია, რომ ის არ უნდა იყოს მხოლოდ ბიზნეს-სათავო იდეა, არამედ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოზიცია. განათლება არ არის პროდუქტი, რომელიც “კარგად იყიდება”. ეს არის პროცესი, რომელიც ადამიანი ჯანმრთელობაზე, ცნობიერებაზე და მომავალზე ახდენს გავლენას. ამას შესაბამისი ღირებულება უნდა ჰქონდეს.’’- აცხადებს თორნიკე ენუქიძე.