„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა და საქართველოში ბაჰრეინის წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო სექტორის მიმწოდებელი კომპანია Gulf hotels group-ის წარმომადგენელმა შალვა ალავერდაშვილმა „კომერსანტთან“ მიმდინარე წლის მოლოდინებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2023 წელს ქვეყანაში ძირითადად ტურისტები გალფის ქვეყნებიდან იქნებიან.

გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების წილი საქართველოს ტურიზმში წელს 60-65% იქნება. მოლოდინი გვაქვს რომ ზაფხულის სეზონი ცუდი არ იქნება, თუმცა პირველი კვარტალი ჩაგვივარდა.

ამ ეტაპზე ტურისტები არ გვყავს, არც რუსეთიდან, არც უკრაინიდან და ჯგუფური ტურები აღარ არის არც ევროპიდან. სტაბილურად ჩამოდიან მხოლოდ ისრაელიდან და როგორც აღვნიშნე, წელს გალფის ქვეყნები იქნებიან ლიდერები. ზაფხულის სეზონისთვის, უკვე მაისის მეორე ნახევრიდან ტურისტების შემოდინება დაიწყება და გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები საქართველოს ტურიზმში წელს ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ,“ - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ტურისტული ვიზიტების მიხედვით, ქვეყნების რეიტინგში პირველ სამეულს მეზობელი ქვეყნები იკავებენ, მათ შორის რუსეთი, სომხეთი და თურქეთია.