ფეროშენადნობების სექტორში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების უმეტესობა კვლავ გაჩერებულია.

როგორც BMG-სთან საუბარში ელექტროენერგიის კვალიფიციურ მომხმარებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, მართალია, ზესტაფონის ფეროშენადნობების საწარმომ მუშაობა სრულად განაახლა, თუმცა შედარებით მცირე ქარხნების დიდი ნაწილი ამ დრომდე გაჩერებულია.

მერაბ ლომინაძის თქმით, მიღმა საერთაშორისო ბაზარზე დაბალი ფასებისა, დარგში არსებული მძიმე ვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შიდა ბაზარზე ელექტროენერგიის მაღალი ტარიფებია. თავის მხრივ კი ელექტროენერგიის წილი ფეროშენადნობების თვითღირებულებაში საკმაოდ მაღალია.

“დღეის მდგომარეობით, ფეროშენადნობების სექტორში არსებული 30-მდე საწარმოდან მხოლოდ 4 ოპერირებს. გაჩერების მიზეზი ისაა, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასები არ ასულა იმ ნიშნულზე, რომ ქართულმა ფეროშენადნობების საწარმოებმა კონკურენციის გაწევა შეძლონ ისეთი ქვეყნებისთვის როგორიცაა ინდოეთი, მალაიზია და სხვა. ამისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ნაწილი ელექტროენერგიის ფასია, რაც ფეროშენადნობების წარმოების თვითღირებულების 35-40%-ია. საქართველოში თებერვალში 5.9 ცენტი დაფიქსირდა საბალანსო ფასი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნულია. თუმცა გარდა ამ საფასურისა, მსხვილი საწარმოები იხდიან ისეთ საფასურს როგორიცაა ტრანზიტი, დისპეჩერიზაცია და ა.შ. ამ საწარმოებისთვის ელექტროენერგიის საბოლოო ღირებულება 8-8.5 ცენტამდე ადის, რაც აბსოლუტურად არაკონკურენტულია, როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში”, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ელექტროენერგიის კვალიფიციურ მომხმარებელთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ფეროშენადნობების საწარმოებს ელექტროენერგიის შედარებით იაფ წყაროებზე ჰქონდეთ წვდომა.

“ელექტროენერგიის მაღალია ფასია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ფეროშენადნობების საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებულია. 2024 წელს ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენს ასოციაციასთან ერთად ფეროშენადნობების მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მხარდაჭერის პროგრამა განახორციელა. კერძოდ, 6 საწარმო ამოქმედდა და 5 საწარმო არ გაჩერდა, ჯამში 11-მა საწარმომ გააგრძელა ოპერირება, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, როდესაც ხელშეწყობის ფარგლებში მოხდა იაფ ელექტროენერგიაზე წვდომა. კერძოდ, ამ საწარმოებისთვის იმ ჰესებზე მოხდა წვდომა, რომელსაც ფიქსირებული ტარიფი აქვთ და შედარებით იაფი ელექტროენერგიის წყაროა.

მიმდინარე წელსაც ვიწყებთ ამაზე საუბარს, იმედი გვაქვს, წელსაც მოხდება ხელშეწყობა, რადგან ფეროშენადნობთა ინდუსტრია ქართული ექსპორტის და დასაქმების ქვაკუთხედია”, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

წყარო: bm.ge