ქართული ტრადიციული სამოსის მწარმოებელი კომპანია „ფაფანაკი“ უკვე მერვე წელია ბაზარზეა და მისი მომხმარებლები ქართველებთან ერთად უცხოელები, ემიგრანტები და უცხოეთში არსებული ცეკვის ანსამბლები არიან. „ფაფანაკში ტრადიციული და ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე სამოსისა და აქსესუარების ფასი ქსოვილზე, მოდელსა და შესრულების სირთულეზეა დამოკიდებული და 150-დან 2000 ლარამდე მერყეობს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ფაფანაკის“ დიზაინერი და თანადამფუძნებელი ნინო ჭყონია ამბობს, ონლაინ გაყიდვების შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში თბილისში, ფალიაშვილი ქუჩაზე მაღაზია გახსნეს და კომპანია ვითარდება.

„კომერსანტი“ ნინო ჭყონიას „ფაფანაკის“ შექმნის ისტორიასა და გეგმებზე ესაუბრა.

რამ განაპირობა თქვენი ტრადიციული ქართული სამოსით დაინტერესება და როდის შეიქმნაფაფანაკი“?

ნინო ჭყონია, „ფაფანაკისდიზაინერი და თანადამფუძნებელი: პროფესიით ვარ მხატვარი. მე და ჩემი მეუღლე ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეები ვართ და სანამ „ფაფანაკს“ დავაარსებდით, ანსამბლ „რუსთავის“ კოსტიუმების მხატვარი ვიყავი. მისი მოცეკვავეებისთვის ვაკეთებდი კოსტიუმებს და მერე წამოვიდა კოსტიუმებზე მოთხოვნა სხვა ანსამბლებისგან.

მერე დავოჯახდით და გადავწყვიტეთ ერთობლივი საქმე წამოგვეწყო და 2015 წელს შეიქმნა „ფაფანაკი“. საქმიანობა პატარა ნაბიჯებით დავიწყეთ. სახლში 1 მკერავი მოვიყვანეთ, მეორადი საკერავი მანქანა შევიძინეთ და პირველივე დღეებში ჩოხების დიდი შეკვეთა მივიღეთ. მალე ამოვიქოქეთ და მარტივად ჩავდექით კალაპოტში. მერე დავამატეთ კლასიკური ხაზი - ჩოხები და ეროვნულ მოტივებზე შექმნილი საქორწილო კაბები. ეტაპობრივად, მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თანამედროვე ხაზი დავამატეთ და დღეს ამ 3 მიმართულებით ვმუშაობთ და საკმაოდ წარმატებულად.

რომელ პროდუქციაზეა მეტი მოთხოვნა - ცეკვის კოსტიუმებზე, ტრადიციული მოტივებით შექმნილ სამოსზე, თუთანამედროვე ხაზზე“?

მოთხოვნა 3-ვე მიმართულებაზე თითქმის ერთნაირადაა. ბევრ სახელმწიფო და ემიგრანტების ანსამბლებს ვუკერავთ კოსტიუმებს. სასცენო სამოსიც და ეროვნული სამოსიც ძალიან მოთხოვნადია, მაგრამ უფრო მოთხოვნადი და მეტად აქტუალური მაინც ეროვნული მოტივებზე შექმნილი თანამედროვე სამოსია.

პროდუქციას მხოლოდ ონლაინ ყიდით, თუ მაღაზია გაქვთ?

მაღაზია ვაკეში, ფალიაშვილი 86 ნომერში მარტში გავხსენით. ონლაინ გაყიდვები ძალიან აქტიურია. მაღაზიაც თავის საქმეს აკეთებს, რადგან კარგ ადგილასაა და ყველა გამვლელი ხედავს.

როგორიაფაფანაკისსაქორწილო ქალის კაბისა და  ჩოხის ფასი?

საქორწილო ტრადიციული ქართული კაბის ფასი ინდივიდუალურია, 180 ლარიდან 2000 ლარამდეა, გააჩნია რა ქსოვილია, რა მოდელია, რა სირთულისაა სამუშაო, თუმცა, საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები გვაქვს. ჩოხების ფასი საშუალოდ 600 ლარია. კარგი კონსტრუქტორები კარგი მკერავები, კარგი გუნდი გვყავს, შესრულების ხარისხი და ქსოვილებიც მაღალი ხარისხისაა.

ვინ არიან თქვენი მომხმარებლები, უმრავლესობა ქართველია, თუ უცხოელი?

მომხმარებელი უფრო მეტად ქართველი გვყავს, ძალიან ბევრია ემიგრანტიც და ტურისტიც. ყველა ქვეყანაში გვყავს მომხმარებელი. იაპონიაში და ჩინეთშიც კი აცვიათ ჩვენი სამოსი. ძალიან მოსწონთ და ხშირად მოგვმართავენ.

ბრენდს „ფაფანაკი“ რატომ დაარქვით? არის მოთხოვნა ტრადიციულ ქართულ ფაფანაკზე?

ფაფანაკი ერთ-ერთი აქსესუარია, რომელსაც ქალბატონები თავზე იმაგრებენ და მამაკაცები - მხარზე (ჩოხაზე). ეს აქსესუარი შინაარსობრივად ქართულია და ვცდილობთ, მაღაზიაში ფაფანაკი არასდროს გამოგველიოს. თუმცა, ფაფანაკზე მეტი მოთხოვნა ყაბალახებზეა, ყაბალახი ჩვენი ერთ-ერთი ნიშაა. მისი საშუალო ფასი 150 ლარია.