თუ ეს გარიგება დასრულდა, იქნება ძალიან კარგი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის იმიტომ, რომ ეს იქნება კარგი მისი საბანკო სექტორისთვის - ამის შესახებ "ლიბერთის" მფლობელმა ირაკლი რუხაძემ მედიასთან განაცხადა.

საქმე ის არის, რომ გუშინ BMG-ს წყარომ განუცხადა, რომ “ბაზისბანკი“ „ლიბერთი ბანკს“ ყიდულობს. გარიგება კი სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება.

მისივე თქმით, გარიგების ყველა პირობა ჯერ კიდევ გარკვეული არ არის და მხარეები მოლაპარაკებების პროცესში დეტალებზე აქტიურად მსჯელობენ.

"გუშინ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ რატომღაც გუშინ აღეგზნო ამაზე ქართული მედია. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვლაპარაკობთ ბაზისბანკთან, სხვა ხალხთანაც. ბაზისბანკთან 2 წლის წინაც ვლაპარაკობდით ამ გარიგებაზე. ახლა უნდა ვნახოთ, გავალთ თუ ვერა ბოლოში. მე იმედი მაქვს, რომ ახლა უფრო მეტი საერთო შეხების წერტილი გვაქვს და უფრო ოპტიმიზმით ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარიგება აუცილებლად დასრულდება და იმასაც ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. ბოლომდე ყველა პირობაც არ არის ცნობილი, ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ ახლა. თუ ეს გარიგება დასრულდა, იქნება ძალიან კარგი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის იმიტომ, რომ ეს იქნება კარგი მისი საბანკო სექტორისთვის. გაჩნდება მესამე ბანკი, რომელიც იქნება ორჯერ დიდი, ვიდრე დღეს არის მესამე ბანკი.

ბევრ რამეს შეცვლის, მაგრამ მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ ყველანი შეზღუდული ვართ ჩვენი ზომით, რამხელა სესხის გაცემა შეგვიძლია და როგორც კი დიდ სესხებში გადავდივართ, იქ ჩვენ უბრალოდ ვერ ვმონაწილეობთ, ვერც ჩვენ და ვერც ბაზისბანკი. მხოლოდ ორი ბანკი მონაწილეობს. ამ გაერთიანებულ ბანკს კი ექნება შესაძლებლობა ბევრად მეტი კონკურენცია გაუწიოს იმ ორ ბანკს. ეს ნიშნავს, რომ საერთო ეკონომიკისთვის ეს იქნება ძალიან კარგი", - თქვა რუხაძემ.

მისივე თქმით, პროცესი თუ გარიგებით ვერ დასრულდა, სხვა აქტორებთან მოლაპარაკებისას განიხილავს.

"იყო სხვადასხვა ლაპარაკები. ამ ეტაპზე ველაპარაკებით ბაზისბანკს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დაველაპარაკებით სხვას, თუ ვერ მივაღწიეთ იმ წერტილს, სადაც გვინდა მივიდეთ. შეიძლება, მოხდეს ის, რაც ორი წლის წინ მოხდა, დაველოდოთ და მოგვიანებით დავუბრუნდეთ ამ პროცესს", - თქვა რუხაძემ.

ვის ეკუთვნის და რა ზომისაა "ლიბერთი ბანკი"

"ლიბერთი ბანკი" უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5.45 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3.9 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წლის 4 თვეში 40 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

რაც შეეხება "ბაზისბანკს", ბანკი ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" საკუთრებაშია. ის აქტივების ზომით, ანუ 4 მილიარდი ლარით საქართველოს რიგით მეოთხე ბანკია, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3 მილიარდი ლარია. ბანკს 2025 წლის 4 თვეში 31 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

შედეგად, გარიგების საფუძველზე ჩამოყალიბებული ბანკის აქტივების ზომა იქნება 9 მილიარდი ლარი, ხოლო საკრედიტო პორტფელი კი თითქმის - 7 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლით, ის აქტივებით და კრედიტების ზომით საბანკო სისტემის 10%-ს დაიკავებს.