,,კომერსანტთან“ სულ უფრო მეტი დეველოპერი ადასტურებს, რომ ბანკებმა მათთვის სესხების გაცემა შეაჩერეს. პრობლემა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა ვითარება არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. დეველოპერული კომპანია ,,ექს სითი დეველოპმენტის“ დირექტორი გიორგი მჭედლიშვილი აცხადებს, რომ სესხის აღების პროცედურები გართულებულია. ის განმარტავს, რომ ოქტომბრის თვიდან ,,თი-ბი-სი“ ბანკმა და ,,საქართველოს“ ბანკმა დეველოპერებისთვის სესხების გაცემა საერთოდ გააჩერეს. სხვა ბანკები სესხებს გასცემენ, თუმცა პროცედურები გაართულეს და სესხის საპროცენტო განაკვეთები გაზარდეს.

,,კონკრეტულად ჩვენს კომპანიაზე გეტყვით, რომ ოქტომბრის თვიდან დაიწყო პრობლემები. მანამდე პრობლემა არ გვქონია. ამ ეტაპზე გართულებულია ყველაფერი. კერძოდ, ახალ სესხს არ გასცემენ ,,თი-ბი-სი“ და ,,საქართველოს“ ბანკი, შეაჩერეს. ამ ორ ბანკთან თანამშრომლობის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ იპოთეკურ ნაწილში არიან მოქნილები. ანუ, კომპანიის თავდებობით იპოთეკურ სესხს მშენებლობის პროცესშივე გასცემდნენ კლიენტებზე კარგი პირობებით. დანარჩენი ბანკები ჩვეულებრივად გასცემენ სესხს. მაგალითად, ბაზის ბანკი, ლიბერთი ბანკი, უბრალოდ იმ ფონზე, როცა „თი-ბი-სი“-მ და „საქართველომ“ შეაჩერეს, მათ პირობები გაამკაცრეს და პროცენტები ასწიეს. არადა გაყიდვების დიდი ნაწილი მოდის ამ პროდუქტებით. ძირითადად კლიენტები ვინც ყიდულობენ ბინებს იპოთეკით ყიდულობენ. 10-15%-ია ერთიანი გადახდა კლიენტის ფულით, დანარჩენი ძირითადად ბანკის სესხით ყიდულობს ბინას.’’- აცხადებს გიორგი მჭედლიშვილი.

კომპანია ,,ექს სითი დეველოპმენტის“ დირექტორს ვკითხეთ, რას გულისხმობდა გართულებულ პროცედურებში. გიორგი მჭედლიშვილი განმარტავს, რომ ბანკები მათ უფრო მეტ და უფრო რთულ პირობებს უყენებენ.

,,მაგალითად, ჩვენი პრაქტიკიდან გეტყვით, ლიბერთი ბანკმა თანამონაწილეობა პროექტის 50% მოგვთხოვა, როდესაც ეროვნული ბანკის მოთხოვნით 30%-ია. ,,საქართველოს'' და ,,თი-ბი-სი''-ს გაჩერებული აქვთ გაცემა, ამიტომ არც განიხილავენ დეველოპერული სესხის გაცემას. ,,პროკრედით ბანკი'' და ,,ბაზის ბანკი'' განიხილავენ, ოღონდ პროცენტები არის ძალიან მაღალი და არა სარფიანი.’’- განმარტავს გიორგი მჭედლიშვილი.

კიდევ ერთი პრობლემა იპოთეკური სესხების გაცემას უკავშირდება. ბანკები სიფრთხილეს იჩენენ და სესხის გაცემამდე ისინი პირის შემოსავლებს დეტალურად სწავლობენ.

,,როგორც წესი შიდა განვადება გვაქვს ხოლმე და ბოლოში რომ გადის ობიექტი 3 თვით ადრე გადადიან კლიენტები ბანკში. ამ მომენტისთვის საკმარისია ბინის ღირებულების 20% იყოს დაფარული. ჩვენ გათვლილი გვაქვს რისკები. ,,თი-ბი-სი"-სა და ,,საქართველოს'' ბანკების შემთხვევაში არის ასეთი პროდუქტი თავდებობას ეძახიან. სამი თვის განმავლობაში დეველოპერი თავდებად უდგას კლიენტს, როდესაც კორპუსი მთავრდება. ეს არის შემოსავლების დადასტურების გარეშე ანუ მარტივი პროცედურებით გასცემენ სესხს, როდესაც კომპანია თავდებად უდგება რაღაც პერიოდი კლიენტს. თუ კლიენტი ამ პერიოდში ფარავს ამ თანხას პრობლემა არ არის. თუ შემოსავლები არ უდასტურდება და პროდუქტი არ არის დეველოპერთან ერთად შექმნილი, მაშინ უკვე კერძო პირს უჭირს სესხის აღება, რადგან რამდენადაც ვიცი შემოსავლებს საკმაოდ აკონტროლებენ ბანკები იპოთეკური სესხის გაცემის დროს. უყურებენ რამდენად გადახდისუნარიანი არის კლიენტი.’’- აცხადებს გიორგი მჭედლიშვილი.

,,ექს სითი დეველოპმენტის“ დირექტორი აცხადებს, რომ სესხების გაცემის შემცირება კომერციული ბანკების ინტერესში წესით არ უნდა შედიოდეს, რადგან ეს მათი შემოსავლების პორტფელში დიდ წილს იკავებს. გიორგი მჭედლიშვილს ვკითხეთ, რით ახსნიდა ის ბანკების მხრიდან ასეთ სიფრთხილეს. ის მიიჩნევს, რომ საფინანსო ორგანიზაციები რისკებს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე აფასებენ და როგორც ჩანს, მათ ამ ვითარებაში სესხების გაცემა არ უღირთ.

,,კომერციული ბანკების ინტერესში არ უნდა იყოს სესხების გაცემის შემცირება, რადგან სერიოზულ შემოსავალს კარგავენ. თუნდაც დეველოპერებზე რომ არ გასცემენ სესხებს. იპოთეკურ სესხებზეც ძალიან დიდი ნაწილი მოდის შემოსავლების. მიზეზი ნამდვილად არ ვიცი. სავარაუდოდ, რისკებს აფასებენ და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. რისკების შეფასებით არ უღირთ გაცემა, რომ არ დაზარალდნენ. თან ბევრია შემთხვევა, როცა იღებენ იპოთეკურ სესხს და მერე ბანკს აძაგებენ, რომ პროცენტი დიდია და დიდ თანხას ახდევინებენ. თუმცა სესხის აღებისას ყველამ ყველაფერი იცის და ხელს აწერენ.’’- აცხადებს გიორგი მჭედლიშვილი.

საუბრის ბოლოს ჩვენს რესპონდენტს ვკითხეთ, რა საფრთხის წინაშე დადგებიან დეველოპერები, თუ ბანკები სესხების გაცემას მომავალშიც არ გააგრძელებენ. გიორგი მჭედლიშვილი აცხადებს, რომ თუ ბანკების მხრიდან ეს პოლიტიკა გაგრძელდა, მაშინ პროექტების რაოდენობა შემცირდება და ბინებზე ფასები აიწევს.