სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. კომპანიებს ახალი პროექტების დაწყება უჭირთ. მიზეზი ბანკების მხრიდან სესხების გაცემის შეჩერებაა. ,,აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი ვლადიმერ რობაქიძე „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ბანკებმა დეველოპერებისთვის სესხების გაცემა გააჩერეს, რაც ახალი პროექტების დაწყებას გააჭიანურებს და დროში გადადებას გამოიწვევს.

,,ბანკებს ამ ეტაპზე შეჩერებული აქვთ დეველოპერული სესხების გაცემა. კონკრეტულად ბიზნესს არ აძლევენ სესხს, რითაც შეუძლია დეველოპერმა ააშენოს. ახალი პროექტები, რომლებსაც ბანკები არ აფინანსებენ, სექტორი იძულებული გახდება, რომ გადაავადოს. ახალი პროექტების დაწყება გადაიწევს. ფრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ბანკის დახმარების გარეშე დეველოპერებმა შეძლონ აშენება. არც ერთი დეველოპერული კომპანია არ არსებობს საქართველოში, რომელიც თავისი რესურსით პროექტს გაიყვანს ბოლომდე, ბანკის დახმარების გარეშე. პრაქტიკულად მოხდება ის, რომ ახალი პროექტების დაწყება გადავადდება. მიმდინარე პროექტებს დავასრულებთ. მიწოდება რომ შემცირდება მაგ შემთხვევაში არსებულ პროექტებზე შეიძლება მოთხოვნა ოდნავ გაიზარდოს, რადგან ბაზარზე მიწოდება აღარ იქნება.’’- აცხადებს ვლადიმერ რობაქიძე.

,,აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი აცხადებს, რომ იკლო უძრავი ქონების რეალიზების მაჩვენებელმა, რის გამოც მათ ბიუჯეტში ყოველთვიურად ნაკლები თანხა შეაქვთ.

,,ბიუჯეტში ყოველთვიურად რასაც ვიხდიდით, გადასახადების ნაწილში საკმაოდ შემცირებულია. თუ ვერ გავყიდეთ, შესაბამისად გადასახადსაც ნაკლებს ვიხდით. რასაც გავყიდით იმის გადასახადს ვიხდით ხომ...’’- განმარტავს ვლადიმერ რობაქიძე.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც სამშენებლო სექტორი აწყდება გაზრდილი ხარჯებია. ,,ბოლო პერიოდში საკმაოდ გაგვიძვირდა სახელფასო ხარჯები. ასევე სამშენებლო მასალაც ძვირდება. მოგების მარჟა 2 წლის წინ პირობითად თუ იყო X, ის შემცირდება“, - აცხადებს ,,აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად ვლადიმერ რობაქიძე ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის დაბრუნებას ასახელებს. ,,როგორც კი დასტაბილურდება სიტუაცია, ის მომხმარებელი, რომელიც ახლა თავს იკავებს უძრავი ქონების შეძენისგან გადაწყვეტს უძრავი ქონების შეძენას. ამ დროს უკვე ბანკებიც დაიწყებენ სესხების გაცემას დეველოპერებისთვის.’’- აცხადებს ,,აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი.