Degusta Panama - ასე ეწოდება პლატფორმას, რომლის მომხმარებლებმაც 1 480 რესტორანს შორის ქართული რესტორანი ,,ლამრო“ საუკეთესოდ დაასახელეს. პლატფორმაზე 1 700 000 ადამიანია დარეგისტრირებული. ისინი ერთმანეთს კონკრეტული რესტორნებისა და ამ რესტორნებში დაგემოვნებული კერძების შესახებ მოსაზრებებს უზიარებენ. შემფასებლებს შორის ყველაზე დიდი მოწონება სწორედ ქართულმა ,,ლამრომ“ დაიმსახურა.

როგორ მუშაობს Degusta Panama და რამდენად სანდოა პლატფორმაზე განთავსებული მოსაზრებები? რესტორან ,,ლამროს“ მფლობელი ელენე დიღმელაშვილი განმარტავს, რომ პლატფორმაზე ყალბი შეფასებების განთავსება შეუძლებელია, რადგან რეგისტრაციას მომხმარებელი პასპორტით გადის. შეფასების დატოვებამდე კი მას მთელი რიგი საფეხურის გავლა უწევს.

,,პანამაში საქართველოსგან განსხვავებით, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა რა შეფასება აქვს რესტორანს Degusta-ს პლატფორმაზე. ჩვენ დაგვასახელეს პირველ რესტორნად 1 480 რესტორანს შორის. როდესაც ადამიანი შედის Degusta-ზე პირველი ვარდება ჩვენი რესტორანი. სულ პანამაში 4 მლნ. მოსახლეობაა. პლატფორმაზე რეგისტირებულია 1 700 000 მომხმარებელი. ეს შეფასება არის სანდო. თქვენ თუ დარეგისტრირდებით ამ პლატფორმაზე შეფასებას ვერ გააკეთებთ, რადგან არ შეგვიძლია „ფეიკ“ შეფასებები ავტვირთოთ. პლატფორმაზე რეგისტრაციას გადიხართ თქვენი პასპორტით. პლატფორმიდან უნდა გააკეთოთ ჯავშანი ჩვენს რესტორანში. ამით დასტურდება, რომ ნამდვილად იყავით. შემდეგ უნდა ატვირთოთ სურათები, რაც მიირთვით და თითოეულ სურათზე უნდა მიუთითოთ თქვენი შთაბეჭდილება კერძის შესახებ. ამით უზრუნველყოფილია, რომ ნამდვილი ,,იუზერები’’ წერენ შეფასებებს და არა „ფეიკები“, - აცხადებს ელენე დიღმელაშვილი.