„დასაქმებულები ხედავენ, რომ დარგში სტაბილური მდგომარეობა არ არის, რის გამოც, ბევრი სხვა სექტორში მიდის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარე ნუგზარ კევლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ფეროშენადნობის მწარმოებელი ზოგიერთი ქარხნის დახურვის შემდეგ, დარგში დასაქმებულთა ნაწილი სხვა სექტორში წავიდა, რაც სამომავლოდ პრობლემებს შექმნის.
შეგახსენებთ, გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი წელია სილიკომანგანუმის ფასები ეცემა. შექმნილ ვითარებაში გასულ წელს ფეროშენადნობის მწარმოებელმა რამდენიმე საწარმომ საქართველოში მუშაობა შეაჩერა და მართვით რეჟიმზე გადავიდა.
კევლიშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულში ელექტროენერგია გაცილებით იაფია და თვითღირებულება იკლებს, რამდენიმე საწარმომ მუშაობა განაახლა, თუმცა უცნობია, რა მდგომარეობა იქნება შემოდგომასა და ზამთარში. ამჟამად, ქვეყანაში პერმანენტულად 6-7 საწარმო მუშაობს, 8 კი გაჩერებულია.
„დასაქმებულები ხედავენ, რომ დარგში სტაბილური მდგომარეობა არ არის, რის გამოც, ბევრი სხვა სექტორში მიდის. ის პროფესიონალი თანამშრომლები, რომელთა დამსაქმებელი საწარმოებიც დაიკეტა, სხვა დარგში გადადიან და აღარ ბრუნდებიან. თუ გამოსწორდა სიტუაცია, დარგი წარმოებით კვლავ დაიტვირთა და ყველა საწარმო ამუშავდა, ყველა შემთხვევაში იქნება მუშახელის დეფიციტი.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს სექტორში სპეციფიკური ცოდნა-გამოცდილების მუშახელი გვჭირდება. ამის გამო, გაჩერებული საწარმოების უმრავლესობა ანაზღაურებას უხდის თანამშრომლებს. მთლიან ხელფასს ვერა, მაგრამ ნაწილს უხდიან, რომ არ შეექმნათ სამომავლოდ კადრის პრობლემა. საუბარია ძალიან სპეციფიკურ კადრებზე: მექურეებზე, ოპერატორებზე, ელექტრიკოსებზე და ა.შ“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.
როგორც მანვე აღნიშნა, იყო მოლოდინი, რომ უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომი დასრულდებოდა და ფეროშენადნობებზე ფასი და მოთხოვნა გაიზრდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. კევლიშვილის თქმით, სანამ გლობალურ დონეზე მშვიდობა არ იქნება, ფეროშენადნობების დარგში მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ელოდება.
„სულ იმედით ვართ, ველოდებით სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ სულ გარე ფაქტორებზე ვართ დამოკიდებული. სანამ მშვიდობა არ იქნება და მსოფლიო ეკონომიკაშიც ძვრები არ იქნება პოზიტიური, ჩვენს დარგში რაიმე პოზიტიურს ნაკლებად უნდა ველოდოთ“, - აღნიშნავს ნუგზარ კევლიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.