საქართველოში ორ წამყვან ონლაინ კაზინო-ტოტალიზატორს 2021 წელს ჯამურად 1 მილიარდზე მეტი ბრუნვა ჰქონდა. ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიების შპს „ატლას“ (adjarabet.com) და შპს „მარსის“ (Crystalbet) ფინანსური მაჩვენებლები Finspot-მა მიმოიხილა.

Adjarabet-ი 10-ე ადგილზეა ქვეყანაში 2021 წლის შემოსავლების მიხედვით. აჭარაბეთი ძირითადად ონლაინ თამაშების (კაზინო / ტოტალიზატორი) ბიზნესს აწარმოებს როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში. Crystalbet-ი კი 20-ე ადგილზეა ქვეყანაში 2021 წლის შემოსავლების მიხედვით. კომპანიის საქმიანობა ძირითადად ხორციელდება საქართველოში საკუთარი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. 

„EBITDA/Net Income მარჟებიდან იკვეთება, რომ Crystalbet-ი კონკურენტზე მომგებიანია. ძირითადი მიზეზი Crystalbet-ის პროპორციულად დაბალი საოპერაციო ხარჯებია, რაც გამოწვეულია მნიშვნელოვნად დაბალი მარკეტინგისა და ხელფასის ხარჯებით.

მარკეტინგულ აქტივობებში Adjarabet-მა ₾95 მილიონი დახარჯა (შემოსავლების 15%), Crystalbet-მა კი ₾35 მილიონი (შემოსავლების 8%).

თანამშრომლის ხელფასებში Adjarabet-მა ₾54 მილიონი დახარჯა (შემოსავლების 9%), Crystalbet-მა კი ₾17 მილიონი (შემოსავლების 4%). 

ტრადიციული კაზინო/სამორინეებისგან განსხვავებით, ონლაინ გემბლინგ კომპანიებს არ უწევთ უძრავ ქონებაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ან იჯარით აღება, მაღალ მარჟაზე ოპერირებენ და მაღალი ქეშის ბალანსიც აქვთ. შესაბამისად, მოცულობითი სესხის საჭიროება არ აქვთ, რაც მათ წმინდა მოგების მარჟაზე, ლევერიჯ კოეფიციენტებზე და ლიკვიდურობაზეც აისახება“, - აღნიშნავენ Finspot-ში.

Adjarabet-ის წმინდა მოგები მარჟა 31%, Crystalbet-ის კი 43%-ია. კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2019-2021 წლებში შემდეგნაირად გამოიყურება: Adjarabet-ი ₾283 მილიონი, Crystalbet-ი ₾452 მილიონი.