ელექტრომობილების მწარმოებელ ჩინურ კომპანია BYD (Build Your Dreams)-ის საქართველოში ოფიციალური დილერი არ ჰყავს, ადგილობრივ ბაზარზე ყველა მათგანი ქარხნული გარანტიის გარეშეა იყიდება,- ამის შესახებ GAA Holding-ის დამფუძნებელმა, გია ალიხანაშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა. 

მისი თქმით, BYD-ის ავტომობილის შემოყვანა და გაყიდვა თავისთავად აკრძალული არ არის, თუმცა მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელი შესაძლო რისკებზე წინასწარ გააფრთხილოს.

ალიხანაშვილის ინფორმაციით, ელექტრომობილებს ერთი წლის შემდეგ პროგრამული გადატვირთვა ესაჭიროება, რაც საქართველოში კომპეტენტური კადრების ნაკლებობის გამო რთული პროცესია.

„BYD-ისთან ჩვენი კომპანია დიდი ხანია თანამშრომლობს და საქართველო ჯერჯერობით პარტნიორი ქვეყნების სიაში არ არის, როგორც განაცხადეს, ამ თემაზე მუშაობენ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის მანქანების შემოყვანით ქართულ ბაზარზე ძალიან ბევრი კომპანია დაკავდა, რაც ცხადია აკრძალული არ არის და ვერც ვერავინ აკრძალავს;თუმცა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ელექტრომანქანებს განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდება. შეიძლება პირველი 6-8 თვე ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ უკვე 1 წელიწადში პროგრამული გადატვირთვაა საჭირო; რომელიც მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია გააკეთოს.

ოფიციალური ნებართვის გარეშე მანქანის ჩამოყვანას და გაყიდვას ვერავინ ვერ აკრძალავს, მაგრამ დილერებმა მომხმარებელი უნდა გააფრთხილონ, რომ შეიძლება პრობლემები შეექმნათ“,- აღნიშნა ალიხანაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, BYD-ის მანქანები გასაყიდი ბაზრის მიხედვით კონკრეტულ სპეციფიკასაა მორგებული; შესაძლოა ის ჩინეთის ადგილობრივი ბაზრისთვის იყოს განკუთვნილი და პროგრამული ენაც არ შეეცვალოს, რაც უცხოელი მძღოლებისთვის დიდი პრობლემაა. ასევე, იმის გამო, რომ ბრენდს საქართველოში ოფიციალური დილერი არ ჰყავს, რთულია მანქანის ისტორიის დადგენაც.

„თავისთავად BYD-ის ისტორია არ აქვთ, ასევე ეს მანქანები გამოდის სხვადასხვა სპეციფიკით, აზიური ბაზრისთვის სხვა არის, ევროპული სხვა და თავად ადგილობრივ, ჩინურ ბაზარზე დასატოვებელი სხვა. ჩვენთან რომელი ბაზრისთვის განკუთვნილი ელექტრომობილი შემოდის ვერ კონტროლდება. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყანას უსაფრთხოების ნორმებზე სხვადასხვა მოთხოვნები აქვს. შეიძლება რომელიმე ჩინურ მოდელს ინგლისური მენიუ შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს, ზოგიერთ შემთხვევებში საათსაც კი ჩინური დროით აჩვენებდა. შეიძლება ბატარეა გაფუჭდეს ან სხვა ხარვეზი იყოს, რომელსაც მძღოლი ვერ იგებს და შეიძლება ცეცხლიც წაეკიდოს მანქანას“,- აღნიშნა GAA Holding-ის დამფუძნებელმა, გია ალიხანაშვილმა.