"დღეს გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების შესახებ, ორ ქვეყანას შორის. ეს დოკუმენტი გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სხვადასხვა მიმართულებით. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის," - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე.

მინისტრი გამოეხმაურა ჩინეთში გამართულ ბიზნესფორუმსაც, რომელშიც ქართველი ბიზნესმენებიც მონაწილეობენ.

"აქ არიან ასევე ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც წლებია ახორციელებენ ღვინის ექსპორტს, ჩვენთვის მნიშვნელოვან ბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოლო წლებია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოვახდინოთ ამ ბაზარზე, რომლის შედეგადაც ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი ხორციელდება ჩინეთში, თუმცა ეს პროცესები, რომელსაც ვაკვირდებით, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს როგორც ღვინის, ისე  სხვა პროდუქციის ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე და ჩვენს პარტნიორებთან, ბიზნესსექტორთან ერთად გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ექსპორტი ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად გაიზარდოს," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.