სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5331 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს აუქციონზე კიდევ ერთხელ ყიდის.

აღნიშნული ობიექტის საწყისი ღირებულება 7 953 000 ლარია, აუქციონის ბიჯი კი 10000 ლარს შეადგენს.

„ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, უზრუნველყოს არანაკლებ 9 837 000 ლარის ჩარიცხვა სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე“, - ნათქვამია აუქციონის პირობებში.

გარდა ამისა, ქონების საპრივატიზებო პირობად განსაზღვრულია, რომ აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 4 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს.

აუქციონი 12 ივლისს გაიმართება.