„რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების შემოდინების დროს გასაქირავებელ ბინებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ახლა ცოტა დაკორექტირდა და ფასების ზრდა შენელდა,“ - ამის  შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რემაქს კაპიტალის“ ხელმძღვანელმა მარიამ ასათიანმა უთხრა. მისი თქმით, თუ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების შემოდინების დროს ბინები სწრაფად ქირავდებოდა, ახლა არის ბინები, რომელიც გარკვეული კვირების განმავლობაში გაუქირავებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა ისეთი მაღალი აღარ არის.

„თუ მესაკუთრეებს სურთ, რომ მათი ბინა სწრაფად გაქირავდეს, მაშინ ფასი უნდა დააკორექტირონ,  ისეთი მოთხოვნა არ არის, როგორც გასულ წელს იყო, მაგრამ  ფასი დარჩა უფრო მაღალი, მართალია დაკორექტირებული, მაგრამ მაინც  უფრო მაღალი, სავარაუდოდ  შეიძლება  კიდევ  ცოტათი დაიკლოს ფასებმა, ეს ეხება ცენტრში მდებარე შედარებით პატარა ბინებს.

თუ შევადარებთ არა წინა პერიოდს, არამედ  ავიღებთ 2-3 წლის ჭრილში, როდესაც კოვიდის ფაქტორიც იყო, დღეს გასაქირავებელ ბინაზე ფასი საკმაოდ მაღალია. კოვიდის ორწლიან პერიოდში გასაქირავებელ ბინაზე ფასებმა დაიწია, შემდეგ არაბუნებრივად გაზრდილმა მოთხოვნამ ფასი გაზარდა და დღევანდელი ფასი პანდემიის პერიოდზე მაღალია და კიდევ უფრო მაღალია პანდემიამდელ პერიოდზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გასაქირავებელი ბინის ფასი ძალიან მაღალია, თუმცა შარშანდელთან შედარებით კლება შეინიშნება.“ - აღნიშნა მარიამ ასათიანმა.

ასათიანის თქმით ძირითადი მოთხოვნა ცენტრალურ უბნებზეა, შესაბამისად ცენტრში ბინების დაქირავება უფრო ძვირია. მაშინ როდესაც რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები ჭარბად იყვნენ შემოსულები და ცენტრში გასაქირავებელი ბინები აღარ იყო, მოთხოვნამ პერიფერიებშიც მოიმატა და იქ ფასის  სწრაფი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა მარიამ ასათიანის თქმით, დღეს გარეუბნებში ფასი კიდევ უფრო დაკორექტირდა ვიდრე ცენტრალურ უბნებში.