ქართულმა მუსიკალურმა კომპანიამ, Bloom Music-მა მსოფლიოში ყველაზე დიდ მუსიკალურ გამომცემლობასთან, Sony Music Publishing-თან და სპეციალიზებული მუსიკის ლიდერთან, Extreme Music-თან ექსკლუზიურ პარტნიორობაზე მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, Sony Music Publishing-ის პოლონეთის ოფისთან პარტნიორობა მოიცავს სინქრონიზაციის უფლებას და საშუალებას მისცემს ქართულ სარეკლამო სააგენტოებს, სატელევიზიო სტუდიებს და კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებს აიღონ ლიცენზია და შეარჩიონ შესაბამისი მუსიკა თავისი პროექტებისთვის, უდიდესი მუსიკალური გამომცემლისა და სპეციალიზებული მუსიკის კატალოგებიდან.

„Sony Music Publishing-თან ჩვენი პარტნიორობა ქართული მუსიკალური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან ასეთი დონის კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც სარეკლამო თუ სატელევიზიო სივრცეში მოღვაწეობენ, ასევე ქართველ შემოქმედებსაც.

ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად აამაღლებს საავტორო უფლებების შესახებ ადამიანთა ცნობიერებას და გააჯანსაღებს ადგილობრივ მუსიკალურ ეკოსისტემას“, - განაცხადა Bloom Music-ის დირექტორმა მირიან კულულაშვილმა.