2023 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 8.8 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 19.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით მეტია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 64.2 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.3 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 20.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 44.4 პროცენტი, საშუალოზე - 23.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.5 პროცენტი.

2023 წლის III კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 17.3 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტი) შეადგინა.

2023 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 36.3 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.2 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 5.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.9 პროცენტიანი წილით, ხოლო 12.3 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.

2023 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20.3 პროცენტი) და ვაჭრობა (19.8 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (17.3 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.2 პროცენტიანი წილი უჭირავს.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

⦁ ქ. თბილისი – 77.5 პროცენტი
⦁ აჭარის ა.რ. – 5.8 პროცენტი
⦁ ქვემო ქართლი – 4.1 პროცენტი
⦁ იმერეთი – 3.5 პროცენტი
⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.2 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს ასევე ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

⦁ ქ. თბილისი – 63.4 პროცენტი
⦁ აჭარის ა.რ. – 9.2 პროცენტი
⦁ ქვემო ქართლი – 6.5 პროცენტი
⦁ იმერეთი – 5.6 პროცენტი
⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი.