11 ნოემბერი, 2026 - “ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი აშშ დოლარია. ახალი პროექტის არქიტექტურულ კონცეფციას საერთაშორისო ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo შეიმუშავებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პროექტი ისნის მეტროსადგურთან ახლოს, ქეთევან დედოფლის გამზირის №98-ში, ახლად შეძენილ, 7 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე განვითარდება. “ბიოგრაფი ლივინგი“ და Mecanoo-ს თანამშრომლობის მიზანია ახალ ლოკაციაზე თანამედროვე მრავალფუნქციური ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც საცხოვრებელ სივრცეებს, ყოველდღიურ სერვისებსა და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. მემორანდუმის ხელმოწერას Mecanoo-ს წარმომადგენელი ნუნო ფონტარა დაესწრო.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, რომელიც ადამიანებს ცხოვრების უკეთეს ხარისხს შესთავაზებს და უბნის განვითარებასაც ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს. ისანში უკვე ვავითარებთ „ჰისნის“, ახალი პროექტით კი ამ ხედვას კიდევ უფრო ფართო მასშტაბს ვაძლევთ. Mecanoo-სთან პარტნიორობა აერთიანებს ჩვენს ამბიციას და საერთაშორისო არქიტექტურულ გამოცდილებას, რომლის ცენტრშიც ადამიანი და მისი ყოველდღიური საჭიროებებია. გვინდა, ეს ტერიტორია ქალაქის ორგანულ ნაწილად იქცეს - ადგილად, სადაც ცხოვრება, მუშაობა, დასვენება და ურთიერთობა ერთიან, გააზრებულ სივრცეში იქნება შესაძლებელი“, - აცხადებს “ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე.

ახალი პროექტი “ბიოგრაფი ლივინგისთვის“ ისანში მეორე მასშტაბური განაშენიანება იქნება. კომპანია ამავე უბანში, მეტროსადგურის მოპირდაპირე მხარეს, საცხოვრებელ პროექტ „ჰისნის“ ავითარებს, რომელიც ოთხ 36-სართულიან კოშკს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 8 000 კვადრატული მეტრის რეკრეაციული ზონა, 40 000 კვადრატული მეტრის სავაჭრო ცენტრი, 25-მეტრიანი საცურაო აუზი, თანამედროვე ფიტნესდარბაზი, პადელის კორტები და კაფე-რესტორნები.

ახალი პროექტის არქიტექტურული პარტნიორი Mecanoo 1984 წელს ნიდერლანდების ქალაქ დელფტში დაარსდა. კომპანია აერთიანებს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების, ლანდშაფტისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებებს. მისი მიდგომა ეფუძნება ადამიანების საჭიროებების, ადგილის კულტურული იდენტობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებას.

Mecanoo-ს საერთაშორისო პორტფოლიოშია ბირმინგემის ბიბლიოთეკა დიდ ბრიტანეთში, კაოსიუნგის მეტროსადგური ტაივანში, დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ნიდერლანდებში და სტავროს ნიარხოსის ფონდის ბიბლიოთეკა ნიუ-იორკში.

“ბიოგრაფი ლივინგის” ყველა პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით ვითარდება, რაც საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ძირითადი სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას გულისხმობს. კომპანია ამჟამად 10 მასშტაბურ პროექტს ავითარებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 700 მილიონ დოლარს აღემატება. კომპანიის მიმდინარე პროექტების გაყიდვების მაჩვენებელი კი,  75%-ზე მეტია.