კახეთში, ყვარლის რაიონ სოფელ ახალსოფელში მდებარე "გუგოშვილების მარნის" დამფუძნებლის, თამაზ გუგოშვილის ინფორმაციით, ბიო ღვინის შეძენა, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებლების მცირე ნაწილს სურს.

ოგორც მარნის დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, უცხოელი ვიზიტორები უფრო ტრადიციული ღვინით ინტერესდებიან, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ბიო ღვინის შეძენაზე თავს, შესაძლოა, ფასის გამო იკავებდეს.

თამაზ გუგოშვილის ცნობით, ბიო ვენახის მოვლა საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება, რაც შემდგომ ღვინის ფასზეც სარკისებური ეფექტით აისახება. 

როგორც "გუგოშვილების მარნის" დამფუძნებელი აღნიშნავს, დაკვირვების შედეგად დაასკვნა, რომ ბიო ღვინის შეძენით მაინც უფრო ადგილობრივი მოსახლეობაა დაინტერესებული.

"გუგოშვილის მარანი" მცირე რაოდენობის ბიო ღვინოს აწარმოებს, უფრო ზუსტად, შავ ღვინოს, თუმცა დიდი წილი ტრადიციულ ღვინის მიმართულებაზე მოდის. ბიო მევენახეების განვითარება, რა თქმა უნდა, მომხმარებლის რაოდენობაზეა დამოკიდებული, სიმართლე, რომ ვთქვათ მსურველების რაოდენობა მცირეა. ამასთან, ბიო ღვინის წარმოება ტრადიციულთან შედარებით, გაცილებით ძვირი ჯდება და რაც ყველაზე მთავარი ნიუანსია - ნაკლები მომხმარებელი ჰყავს. ამ ყველაფრის განმაპირობებელი ფაქტორი, ცხადია, ფასიც არის. ელემენტარულია, როდესაც პროდუქტის მოყვანა ძვირი ჯდება, გასაყიდი ფასიც მატულობს. უცხოელ მომხმარებლებს მარანში სტუმრობის დროს ტრადიციული ღვინის გასინჯვა სურთ. ჩემი აზრით, ბიო მიმართულებით, მომხმარებლების რაოდენობა წინა წელთან შედარებით არ გაზრდილა - იმავე გახლავთ", - აღნიშნავს თამაზ გუგოშვილი.

მარნის დამფუძნებელი უშუალოდ კომპანიის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ წელიწადში დაახლოებით, 25 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

"პირველ რიგში, რქაწითელი, ქინძმარაული, მშრალი საფერავი, 2 სახის ჭაჭა და კონიაკი გვაქვს. ვენახი 16 ჰექტარი გვაქვს - ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ვიყავით, მაგრამ კორონა ვირუსის შემდეგ თანამშრომლობა შევწყვიტეთ, რადგან ჩვენი ბაზარი ძალიან ჩავარდა. ამჟამად, მომხმარებლები ღვინოს ადგილზე ყიდულობენ. ექსპორტი იტალიაში, უკრაინაში გვქონდა, მაგრამ ახლა ექსპორტიც აღარ გვაქვს, რადგან იტალიამ ღვინის დიდი რაოდენობით მოითხოვა მიწოდება და ვერ შევძლებდით, ხოლო უკრაინაში, რაც ხდება მოგეხსენებათ. უცხოეთიდან ყველაზე ხშირად რუსეთიდან და ისრაელიდან გვსტუმრობენ. მომხმარებლების 80% უცხოელები არიან, მცირე ნაწილი კი, 20% ადგილობრივი მოსახლეობა გახლავთ", - აღნიშნავს თამაზ გუგოშვილი.

შეგახსენებთ, რომ "გუგოშვილების მარნის" დამფუძნებელმა "ბიზნესპარტნიორთან" ვიზიტორების რაოდენობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ კომპანიას ხშირი სტუმრები ისრაელიდან ჰყავდა, თუმცა ახლა ომის დასრულების მიუხედავად, მაინც უარყოფითი ტენდენცია გრძელდება.

ცნობისთვის, კახეთში, ყვარლის რაიონ სოფელ ახალსოფელში მდებარე "გუგოშვილების მარანი" ადგილობრივ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს.

წყარო: bp.ge