ბათუმსა და თბილისში ბრენდული მაღაზიების გახსნამ გაამართლა - კომპანიის გაყიდვები 50%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  "ჩაროზის" დამფუძნებელმა ელენა ჯიშიაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ტურისტული სეზონია, რა დროსაც მოთხოვნა ყოველთვის იზრდება ხოლმე, თუმცა მიმდინარე წელს, წინა წელთან შედარებით, უფრო მაღალი მოთხოვნაა. 

"ივნისში თბილისსა და ბათუმში ბრენდული მაღაზიები გავხსენით. ჩვენ აღნიშნულ ქალაქებში უკვე გვყავდნენ აქტიური მომხმარებლები და შესაბამისად, მათ მოსაზიდად დრო არ დაგვჭირდა. მათთვის ჩვენი პროდუქტი მარტივად ხელმისაწვდომი გახდა, რამაც მოთხოვნა, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გაზარდა.

ჩვენი მომხმარებლები საერთო ჭრილში ადგილობრივი, ქართველები არიან, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი უცხოელი ინტერესდება "ჩაროზით".  რაც შეეხება მოთხოვნად პროდუქტს - "ჩაროზის" ნაკრები ძალიან მოთხოვნადია და ასევე, კლასიკური თხილის და და ნიგვზის ჩურჩხელა. ასორტიმენტში ახლა ჯამში გვაქვს 8 პროდუქტი. გარდა ამისა, დიაბეტურ კატეგორიაშია, შეკვეთით ვაწარმოებთ ასევე, უგლუტეინოს", -  აცხადებს ელენა ჯიშიაშვილი.

რაც შეეხება ექსპორტს - კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პროდუქცია ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გადის: საბერძნეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, რუსეთსა და იაპონიაში. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, "ჩაროზის" პროდუქციის 80% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 20% უცხოურ ბაზრებზე.

ცნობისთვის, ნუგბარის მწარმოებელი კომპანია „ჩაროზი“ ბაზარზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს და პროდუქციას ამზადებს როგორც იმერეთში (ტყიბულში), ისე რაჭაში (ნიკორწმინდა).

წყარო: ბიზნესპარტნიორი