დედაქალაქის მერის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რესტორნები ხმაურის ზღვართან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებს უნდა დაემორჩილონ. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე ეხმაურება. როგორც მან „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ქალაქში არსებული ხმაური მხოლოდ რესტორნების ბრალი არაა და სხვა პრობლემებიც არსებობს.
„ბატონი მერის საცხოვრებელი სახლის წინ, ჭავჭავაძეზე ღამის 3 საათზე რომ მიდის რბოლები, „ფორმულა ერთი“ გეგონება... უბრალოდ, მიზეზშედეგობრივი კავშირი ბიზნესთან არაფერი არ არის. ბიზნესი გაჩერებულია მაგ დროს, მაგრამ მიდის „ფორმულა ერთის“ შეჯიბრი.
თუ ბიზნესი გააფრთხილა ქალაქის მერმა, კი ბატონო, ამ 2 წლის განმავლობაში, კორონას პერიოდში დავიწყებული იყო მოდელი და შეიძლება შეხსენებას საჭიროებდა, მაგრამ ჩვენ ამაზე წლებია ისედაც ვმუშაობთ, უკვე 10 წელია მიდის მუშაობა.
კი, ყოფილა დაჯარიმებები, დახურვები, კომისიები, ერთად ჯდომა, მოსახლეობასთან , მერიის წარმომადგენლებთან, ეს ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, მე იმას ვიძახი, რომ მარტო მუსიკასთან კავშირი არ არის, ქალაქი ღამე ისეთი ხმაურიანია, რომ ჩვენთან კავშირის გარდა, კიდევ რაღაცაზეა მისახედი. ჩემი აზრით, საპატრულო პოლიციიდან უნდა თქვას ვინმემ, რატომ ხდება ეს, „ფორმულა ერთი“, ეს პრობლემა მართლაც არსებობს“,- განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.